logo
ENG



დეგნანი პრაიდფესტის ჩაშლაზე: შემაშფოთებელია, სავარაუდოდ, კოორდინირებული ძალადობის ყურება

13 ივლ 202311:15
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი პრაიდფესტის ჩაშლაზე: შემაშფოთებელია, სავარაუდოდ, კოორდინირებული ძალადობის ყურება

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ძალადობრივი ჯგუფების მიერ Tbilisi Pride-ის ფესტივალის ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ "სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ყურება, რომლებიც იყენებდნენ ძალადობას და ამტკიცებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ".

დეგნანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს ოფიციალური პირებისგან მიიღო გარანტიები, რომ ფესტივალზე პროტესტანტებს არ დაუშვებდნენ და ისინი უსაფრთხო დისტანციაზე ეყოლებოდათ, ეს არ მოხდა და "უმართავ ბრბოს ნება მისცეს, გაერღვიათ პოლიციის კორდონი და გაენადგურებინათ კერძო საკუთრება".

ელჩის თქმით, ძალადობა სავარაუდოდ კოორდინირებული იყო და ეს შემაშფოთებელია.

"მინდა დავიწყო გასული შაბათის მოვლენების კომენტირებით. ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ყურება, რომლებიც იყენებდნენ ძალადობას, კერძო კონცერტის თავიდან ასარიდებლად. განსაკუთრებით, როდესაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. ადამიანები შესაძლოა ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ქრისტიანული ღირებულებები არის თანაგრძნობის, სიყვარულის, ტოლერანტობის პატივისცემის შესახებ და იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი შექმნილია ღმერთის ხატად. [...]

გასული კვირის შაბათამდე ერთი დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ პროტესტანტებს არ დაუშვებდნენ ტერიტორიაზე და რომ პროტესტანტები უსაფრთხო დისტანციაზე ეყოლებოდათ ფესტივალისგან. არც ერთი არ მომხდარა. უმართავ ბრბოს ნება მისცეს, თბილისის ქუჩებში კილომეტრები გაევლოთ და ისინი ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. მათი ნება დართეს არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრი გაერღვიათ, არამედ ტერიტორიაზეც შესულიყვნენ და გაენადგურებინათ კერძო საკუთრება პოლიციისგან საპასუხო ქმედების გარეშე. 

ძალიან შემაშფოთებელია ხალხზე სავარაუდოდ კოორდინირებული ძალადობის ყურება, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ესენი არიან იგივე ექსტრემისტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ 2021 წელს. ისინი არიან Facebook-ზე, ისინი მოუწოდებენ ძალადობისკენ, ამბობენ, რომ დაუმტვრევენ ყბებს, დაღვრიან სისხლს და ამაყობენ იმით, რომ არიან ძალადობის მხარეს. თბილისში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს, თუ ამ ადამიანებს, რომლებიც ვიდეოებზე [დარბევის] არიან, დააკავებენ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

***

8 ივლისს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.

ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.


close დახურვა