logo
ENG



"რუსული გემის ადგილი საქართველოში არ არის!" - ბათუმში აქციას ხვალ სტუდენტებიც უერთდებიან

30 ივლ 202315:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/30/ho6aehqtv08eejj.jpg

ხვალ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს სტუდენტები აქციით დახვდებიან.

სტუდენტების თქმით, "რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის". ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

"სტუდენტები მივემართებით ბათუმისკენ, რათა შესაფერისად დავხვდეთ რუსულ გემს. იგი 31 ივლისს, დილის 6 საათზე ჩერდება პორტში. ამ დროიდან დავიწყებთ შეკრებას. ცხრიდან ათ საათამდე კი გელით ყველას. განრიგის მიხედვით, სწორედ 10 საათზე აპირებენ რუსი "ტურისტები"გემიდან გადმოსვლას და ბათუმის გარშემო ტურებში ჩართვას. ოკუპანტებს დავხვდებით ცოცხალი ჯაჭვით და მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ. რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის!", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აქციას გეგმავენ ადგილობრივი აქტივისტებიც. როგორც აქტივისტები ამბობენ, ისინი დღეს, ღამის 12:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას, დილით კი ბათუმის პორტში გემს დაელოდებიან.

28 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი - ლაინერი Astoria Grande პორტში 31 ივლისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე შემოვა და აჭარას გვიან ღამით დატოვებს.

ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.

ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.

მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა

ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.


close დახურვა