logo
ENG



კრამერი იმპიჩმენტზე: მთავრობის მცდელობაა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს EU-ის კანდიდატობას

04 სექ 202311:08
3 წუთის საკითხავი
clock 570

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას "შეცდომას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს მთავრობის მცდელობაა, საქართველოს კანდიდატობას ძირი გამოუთხაროს. ამის შესახებ მან საერთაშორისო კონფერენციის დაწყების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს კონფერენცია საინტერესო დროს ტარდება - საქართველოს პრეზიდენტი მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში გარკვეული შედეგების მიღწევის მიზნით, ხოლო მთავრობა და პარლამენტი, რომელსაც ქართული ოცნება აკონტროლებს, როგორც ჩანს, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ცდილობს.

მივიჩნევ, რომ ეს შეცდომაა, ჩემი აზრით, ეს არის მთავრობის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობას და ეს არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას, რაც მისი სტატუსის წინ წაწევისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებას უნდა გულისხმობდეს.

ვფიქრობ, იმპიჩმენტი არ არის ჭკვიანური რამ, მე ვსაუბრობ აშშ-ის გამოცდილებიდან გამომდინარე - იმპიჩმენტის პროცედურა არ არის საკითხი, რომელიც უნდა განხორციელდეს დაუფიქრებლად და ვფიქრობ, ეს არ დაეხმარება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში", - განაცხადა მან.

ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. 31 აგვისტოს ის ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა