logo
ENG



კობახიძე ჩარტერზე: ყველაფერს გაიგებთ დეკლარაციით, არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს

12 სექ 202314:22
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ჩარტერზე: ყველაფერს გაიგებთ დეკლარაციით, არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე "ყველაფერი სათანადოდ, კანონის შესაბამისადაა გაკეთებული".

ჟურნალისტებმა მას ანზორ ჩუბინიძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.  

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, საიდან ჰქონდა ღარიბაშვილის მამას 34 ათასი ევრო, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ ამის თქმა "მისი პრეროგატივა" არ არის.

ოცნების თავმჯდომარის თქმით, ხარჯები დეკლარაციაში აისახება და ღარიბაშვილს "დასამალი არაფერი აქვს".

"ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს. აბსოლუტურად ყველაფერს გაიგებთ, ყველაფერი არის სუფთად. განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც ახლა სპეკულირებს ამ თემით"- ამტკიცებს კობახიძე.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.

12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

მისი თქმით, ჯორჯიან ეარვეისს 34 ათასი ევრო გადაუხადეს, თუმცა, თანხა შესაძლოა დაკორექტირდეს.


close დახურვა