logo
ENG



ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა

18 სექ 202309:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/18/2afxn2nvvz2rqgw.jpg

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი რუსეთში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჩინეთის უმაღლესი დიპლომატი რუსეთში 4-დღიანი ვიზიტით ჩავიდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ქვეყნები ერთმანეთს ორმხრივ პოლიტიკურ ნდობას გამოუცხადებენ.

Reuters-ი წერს, რომ ვანგ ის ვიზიტი რუსეთში, სავარაუდოდ, საფუძველს ჩაუყრის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ჩინეთის დედაქალაქში, ოქტომბერში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანგ ი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, მმართველი კომუნისტური პარტიის საგარეო საქმეთა ოფისს ხელმძღვანელობს, უსაფრთხოების ყოველწლიურ მოლაპარაკებებზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრეშევს შეხვდება.

გარდა ამისა, ვანგ ი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.

ვიზიტის დაწყებამდე, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კონსულტაციები გამართა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეკ სალივანთან. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჩინეთმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-სა და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილეს.

1-ელ სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ელოდა შეხვედრას ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, თუმცა არ დაადასტურა, რომ ის კვლავ გაემგზავრება ჩინეთში.

12 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები "უპრეცედენტო, ისტორიულ დონეზეა".


close დახურვა