logo
ENG



თურნავა: ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული მოქალაქის სახელსა და გვარს

20 სექ 202312:06
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ სანქციების წესის აღსრულების ცვლილება კონკრეტულ პირთან დაკავშირებული არაა. შესწორება სებ-ში მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

"ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირის, რადგან სხვადასხვა ინტერპრეტაცია გაჩნდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელსა და გვარს. ეს გადაწყვეტილება მიებას რომელიმე პირის დაცვას ან სანქციებიდან თავიდან არიდებას - არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობა", - განაცხადა თურნავამ ბრიფინგზე. 

თურნავას თქმით, მათი ვალდებულებაა, რომ საერთაშორისო სანქციებში აღსრულების პროცესში, როდესაც ეს ეხება ან შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აღსრულების პროცესში "ზედმიწევნით დაცული იყოს კონსტიტუციით დაცული ფუნდამენტური უფლებები":

"ესაა ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი". 

აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყოფილ მთავარ პროკურორს ანგარშები გაუყინა. თუმცა მეორე დღეს ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას.


close დახურვა