logo
ENG



"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს" - თურნავა BOG-სა და TBC-ზე

20 სექ 202312:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/ldxozomlhtytn95.jpg

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს.

ნათია თურნავა TBC ბანკისა და საქართველოს ბანკის განცხადებებს გამოეხმაურა. ბანკები აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან.

ნათია თურნავას მტკიცებით, ეროვნული ბანკი "სრულ უნისონშია საქართველოს საფინანსო სექტორთან, კომერციულ ბანკებთან".

"კომერციულ სექტორს, რა თქმა უნდა, არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს, იმიტომ რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით, მაგრამ, მინდა განვმარტო, რომ ჩემი ბრიფინგი დავიწყე სწორედ იგივე წინადადებით, იგივე ინფორმაციით, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. [...]

არის გარკვეული ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც ასეთ დროს არ არის ხოლმე უგულებელყოფილი, აქედან გამომდინარე, სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და ზოგადად, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს, ასევე, მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ვიცით, თითოეულ საფინანსო ინსტიტუტს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები გააჩნია, რასაც პატივს ვცემთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

***

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანაცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც "კონსტიტუციის დარღვევად" შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.

 

 

 


close დახურვა