logo
ENG



სანქცირებულმა ფარცხალაძემ შვილს 12 უძრავი ქონება, დაჩქარებული წესით, 1 დღეში გადაუფორმა

21 სექ 202311:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/21/l0a1e8rmf3cqz6f.jpg

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ შვილზე ქონების გადაფორმება დაიწყო.

12 უძრავი ქონების გადაფორმება 20 სექტემბერს მოხდა. ქონების გადაფორმება ჩუქების საფუძველზე, დაჩქარებული წესით განხორციელდა. 

ქონების ნუსხაშია რამდენიმე ბინა, კომერციული ფართები, მიწის ნაკვეთები და ეკლესია. 

სრული სია კი ასე გამოიყურება:

ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 90.69 კვადრატი;

ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 38 კვადრატი;

ბინა საბურთალოზე მგალობლიშვილის ქუჩა (მშენებარე) - 77.51 კვადრატი;

კომერციული ფართი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩა - 143.25 კვადრატი;

ომერციული ფართი ვაკეში ფალიაშვილის ქუჩა - 336.24 კვადრატი;

კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩა - 101.31 კვადრატი;

კომერციულიფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე - 204.16 კვადრატი;

სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში დიდველის ქუჩა - 25.28 კვადრატი;

სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში დიდველის ქუჩა - 26.04 კვადრატი;

სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1030.00 კვადრატი;

სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1001 კვადრატი;

სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 2058.00 კვადრატი. ამ მიწის ფართობზე ფარცხალაძის ეკლესიაც დგას.

ამასთან, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ინფორმაციის თანახმად, ოთარ ფარცხალაძემ ერთ-ერთი კომპანია, ჯიპიეს კონსლატინგიც შვილს, ანდრია ანზორ ფარცხალაძეს აჩუქა.

***

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა, თუმცა 20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.


close დახურვა