logo
ENG



მდინარაძის ინფორმაციით, ფარცხალაძე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

22 სექ 202315:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/22/bue7ejy5lxp5kc6.png

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. 

როგორც ცნობილია, ფარცხალაძე გამოკითხვაზე გამოძიების დაწყების დღესვე დაიბარეს.

აღსანიშნავია, რომ ფარცხალაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

მდინარაძემ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიაწოდა. ინტერვიუს პროცესში კი ის ირწმუნებოდა, რომ სანქცირებულ ფარცხალაძეს "მტკიცებულებების გარეშე" გამოკითხვაზე ვერ დაიბარებდნენ.

***

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

15 სექტემბერს, სუს-მა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "უწყებაში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს".

19 სექტემბერს, პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ ფარცხალაძის სანქცირების "ფარცხალაძის სანქცირების და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში" 

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.


close დახურვა