logo
ENG



მამის დაჭრის საქმეზე სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

25 სექ 202316:50
3 წუთის საკითხავი
 
მამის დაჭრის საქმეზე სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაცია ფორმულას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ბექა გრიგორიადისის მანქანის დაზიანებაშიც და ამისთვის სასჯელის სახით 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.

როგორც ინტერპრესნიუსი წერს, ლაზარე გრიგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, დაზარალებულს კი მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა განაცხადა, რომ "ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო", რის შემდეგაც, მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა.

საუბარია 2021 წლის საქმეზე, სადაც ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და მისი კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.

მარტის აქციაზე დაკავების შემდეგ, პროსახელისუფლებლო ტელეკომპანია POSTV-იმ გრიგორიადისის ფოტო გამოაქვეყნა აღწერით "წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი, ხოშტარიას პარტიის წევრი".

მოგვინებით ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუქზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი შვილის გაშავების პროცესი მიმდინარეობს.

მამამ შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა რადიო თავისუფლებასთანაც და თქვა, რომ წარსულში "პატარა ოჯახური შელაპარაკება" ჰქონდათ, თუმცა საკითხი ამოწურულია.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

 


close დახურვა