logo
ENG



პორნოგრაფია და შანტაჟი - შაბათის ფორმულამ მოზარდებზე ძალადობის საქმის დეტალები გაარკვია

30 სექ 202320:17
3 წუთის საკითხავი
 

2 გოგო 60-წლამდე კაცს სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. შაბათის ფორმულამ საქმის ახალი დეტალები გაარკვია - 60 წლის ბიზნესმენი ერთ-ერთ გოგონას ნარკოტიკული საშუალების შეძენას და მოხმარებას აიძულებდა. სწორედ ნარკოტიკული თრობის შემდეგ კაცი, მოზარდზე სექსუალურად, სისტემატურად ძალადობდა და სცემდა. ახალგაზრდა შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ის ერთადერთი მსხვერპლი არაა.

მოზარდებზე ძალადობის სქემა ერთმანეთის მსგავსია - მსხვერპლის თქმით, 60 წლის კაცი ფეისბუქით გოგონებს იმეგობრებდა, ნდობაში შედიოდა, შეხვედრის დროს კი ნარკოტიკული საშუალების მიღებას აიძულებდა და მათზე სექსუალურად ძალადობდა.   

გოგო ჰყვება, რომ 60 წლის კაცის ყველაზე პატარა სამიზნე 13-14 წლის ბავშვები არიან. ახალგაზრდის თქმით, კაცი წლების განმავლობაში საბავშვო პორნოგრაფიას ჩუმად იღებდა და კადრებს სხვადასხვა მობილურ ტელეფონში ინახავდა, იღებდა გაუპატიურების სცენებს, შემდეგ კი მოზარდებს მათი გავრცელებით ემუქრებოდა.

მსხვერპლი ამბობს, რომ კაცმა მასზე პირველად თბილისის ზღვაზე იძალადა - ამ დანაშაულს კაცი იმ მიმოწერაშიც არ უარყოფს, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა. გოგონამ, ბრალდებულის ტელეფონიდან იმ ვიდეოს მოპოვება შეძლო, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებას ასახავს. შაბათის ფორმულამ კაცის წინააღმდეგ არსებული კიდევ ერთი მტკიცებულება მოიპოვა. საბანკო ქვითარში, ჩანს რომ მან 12 ივლისს, ღამის 11 საათზე 600 ლარი დაზარალებულ გოგოს ჩაურიცხა. ეს თანხა, კი მიმოწერის მიხედვით, 3 გრამი ნარკოტიკული საშუალებისთვის შეძენის მიზნით გადარიცხა. 

პირველი გოგონას მსგავსად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა მისი მეგობარიც. გოგონას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ბრალდებულმა წერილობით აცნობა დაზარალებულის ოჯახს და კადრების გავრცელებით დაემუქრა. ამის შემდეგ გოგონებმა პოლიციას მიმართეს.  

ბრალდებული პოლიციამ გუშინ გვიან ღამით დააკავა.


close დახურვა