logo
ENG



დავითაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისის საკითხზე

04 ოქტ 202317:47
3 წუთის საკითხავი
clock 836
2023/10/04/ydxd35lvkujqbv9.jpg

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისის მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ავიაკომპანია China Southern საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს.

"ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის კუთხით ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია. ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯი 300 მლრდ დოლარს აღემატება.

ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმული უნდა იყოს ჩინეთიდან ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისის საკითხზე, შედეგად, ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეებს ზრდის, ასევე, რეგულარული ფრენები კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად, ყოველდღიურად შესრულდება. ავიაკომპანიამ გაზრდილი სიხშირით ოპერირება სექტემბერში დაიწყო. ჩვენ იმედი გვაქვს, ჩვენ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან გვექნება პირდაპირი დაკავშირებადობა", - განაცხადა მან.

27 სექტემბრიდან China Southern Airlines საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიურ ავიარეისებს ასრულებს. ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით სრულდება. ამ ეტაპზე, ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე კვირაში სამჯერ დაფრინავდა.

TAV Georgia-ს ცნობით, China Southern Airlines საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა. მათივე განცხადებით, ავიაკომპანია რეისებს Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

ჩინეთთან უვიზო რეჟიმი 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. გადაწყვეტილებას წინ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი და პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრა უძღოდა, რის შემდეგაც ქვეყნებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. 


close დახურვა