ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო, ხოლო ინფორმაციას პრემიერმინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ხელისუფლების თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეუძლიათ "საომარ მოქმედებებზე გადასვლა", რადგან კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამის ქმედებებზე გადასვლა ქვეყანას არ შეუძლია იქამდე, სანამ ხელისუფლების გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის შესახებ არ იქნება მიღებული.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა უახლოეს დღეებში იქნება დახურული. შეზღუდვები სამშაბათამდე, 18:00 საათამდე იმოქმედებს, თუმცა სავარაუდოდ გახანგრძლივდება.
ასევე გარკვეული შეზღუდვები არის მიღებული საჯარო სივრცეში შეკრებასთან დაკავშირებით - კერძოდ, ღია სივრცეში დაშვებულია მხოლოდ 10 ადამიანამდე შეკრება, ხოლო შენობაში 50-მდე.
***
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.
გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.