logo
ENG



BAZA: სატვირთოს, რომელსაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი გადაჰქონდა, ქართული ნომრები ჰქონდა

10 ოქტ 202218:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/10/0ajdv9zm8tya0al.png

რუსული ტელეგრამ-არხი BAZA ავრცელებს ინფორმაციას, რომ სატვირთოს, რომელსაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი მასალა გადაჰქონდა, ქართული ნომრები ჰქონდა. ინფორმაცია დაუზუსტებელია.

BAZA-ს ცნობით, სატვირთომ, განბაჟება სომხეთში გაიარა, რის შემდეგაც ის ქალაქ არმავირში გადმოტვირთეს, მერე კი, ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდა. სატვირთო ავტომობილი იქ 8 ოქტომბერს იპოვეს.

* * *

8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხიდს მალე აღადგენენ.

ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც. "ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კონსტანტინოვი ამბობს, რომ გზა "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანეს. უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ. ინფორმაციას პროპაგანდისტული რია ნოვოსტი ავრცელებს.

ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ღონისძიებების ორგანიზებისა და კოორდინაციის უფლებამოსილება FSB-ს მიენიჭა. ოკუპანტებმა ასევე გააძლიერეს რუსეთის ენერგო-ხიდის ელექტროენერგიის ქსელის დაცვა.

გარდა ამისა, კრემლმა ანექსირებულ ყირიმში ტერორისტული საფრთხის მაღალი (ყვითელი) დონე შემოიღო, რომელიც 23 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

ხიდის მშენებლობა, რომელიც ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყეს. 2018 წელს ხიდზე საავტომობილო გზა გაიხსნა, ხოლო 2019 წელს მატარებელმა დაიწყო გადაადგილება.


close დახურვა