bm.ge-ის ინფორმაციით, ამსტერდამის სასამართლომ ტვ იმედის ჰოლდინგის მფლობელი კომპანია დააყადაღა.
შესაბამისი განჩინება 2021 წლის 11 აგვისტოს არის გამოტანილი. გადაწყვეტილების მიხედვით, დაყადაღებულია Stichting Media Finance International, რომელიც იმედს და GDS-ს ფლობს.
კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები ირაკლი რუხაძე, ბენჯამენ მარსონი და იგორ ალექსეევი არიან. სასამართლოს განმარტებით, განჩინება არის შემაკავებელი ზომა იმისთვის, რომ მოპასუხეებმა ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღნიშნული კომპანიის წილები არ გაასხვისონ.
ეს გადაწყვეტილება ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესს უკავშირდება, რადგან ინგლისის სასამართლო კომპანიების Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-ის სარჩელის ფარგლებში ზიანის შეფასების სტადიაზე გადავიდა.
საქმეზე მოპასუხეები არიან ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, ასევე მისი ბიზნესპარტნიორები, იგორ ალექსეევი და ბენჯამენ მარსონი და მათ მიერ დაფუძნებული ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი.
მოსამართლე სარა კოკრელმა საქმის ზიანის შეფასების ეტაპი 2021 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო. პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს.
ამ პროცესს კი წინ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციული პალატის გადაწყვეტილება უძღოდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ირაკლი რუხაძემ ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მოძიების ბიზნესი უკანონოდ მიითვისა კომპანიისაგან, რომელშიც ის მუშაობდა.
ლონდონის სასამართლოს განჩინებით, ქართველი ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მრავალმილიარდიანი ქონების (აქტივების) მოძიების/შეგროვების პროცესი უკანონო იყო.
13 წლის წინ დიდ ბრიტანეთში ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას მის რამდენიმე მილიარდ დოლარად შეფასებულ ქონებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები მოჰყვა.
2018 წლის პირველ ნოემბერს ბრიტანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამმა პიროვნებამ: ირაკლი რუხაძემ, იგორ ალექსეევმა და ინგლისელმა იურისტმა ბენ მარსონმა შეთქმულება მოაწყო და "სერიოზულად" დაარღვია იმ კომპანიის ფინანსური ინტერესების დაცვის (Fiduciary-ფიდუციალური) ვალდებულება, რომელშიც ისინი თავად მუშაობდნენ, მიზნით - უკანონოდ მოეპოვებინათ პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვების უფლება.
სასამართლოს 2018 წლის ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაგრძელდება, რათა მოხდეს პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვების პროცესში მათ მიერ მითვისებული თანხების დაბრუნება. ახლა მიმდინარე განხილვებით კი სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს.
ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგმა დიდი ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, 2019 წლის 12 მარტს სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა და პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
კომპენსაციის ფორმად ფიდუციარული ვალდებულების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი, დამატებით მიღებული მოგების ანაზღაურება (Account for profits) განისაზღვრა.
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის რუსმა ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ, პრეტენზია განაცხადა მის ქონებაზე და დაიწყო სამართალწარმოება სხვადასხვა იურისდიქციაში.
პატარკაციშვილის აქტივების დაცვის და შეგროვების ამოცანა თავდაპირველად მისმა ოჯახმა Salford Capital Partners Inc- ს (Salford, სალფორდი) მიანდო.
კომპანია სალფორდი რამდენიმე წლის განმავლობაში პატარკაციშვილის მრჩეველი და პარტნიორი იყო. სალფორდის აღმასრულებელი დირექტორისა და მფლობელის, იუჯინ ჯაფეს ხელმძღვანელობით კომპანიის რიგი მაღალი რგოლის თანამშრომელი პატარკაციშვილის ქვრივს ქონების დაცვაში ეხმარებოდა. თავდაპირველად მათ შორის იყო ირაკლი რუხაძე, იმ დროისათვის სალფორდის დირექტორი, ასევე იგორ ალექსეევი და ინგლისელი იურისტი ბენ მარსონი.
სამი წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ, ერთის მხრივ სალფორდსა და მეორეს მხრივ რუხაძეს, ალექსეევსა და მარსონს შორის დავა წამოიჭრა, რასაც მათი გაყრა მოჰყვა 2011 წელს.
სალფორდის მიერ შექმნილმა Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მ, სამართალწარმოება დაიწყო რუხაძის, ალექსეევის და მარსონის წინააღმდეგ.
ორწლიანი დავისა და ოთხკვირიანი სასამართლო პროცესის დასასრულს მოსამართლემ დაადგინა, რომ სამმა მოპასუხემ მოსარჩელეს წაართვა გამზადებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. მოსამართლემ ასევე დაადგინა, რომ სამეულმა მოამზადა შეთქმულება და იმ მიზნით გამოეყო სალფორდს, რომ მიეთვისებინა აქტივების მოძიება/შეგროვების სარგებლიანი პროექტი. მოსამართლემ დაასაბუთა: "ამ გარემოებებით ვადგენ, რომ შეთქმულება დაგეგმილი იყო და მისი პირობები შეთანხმებული იყო მოპასუხეებს შორის".
მოსამართლე სარა ქოქერილმა დაადგინა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მათი, როგორც მაღალი რგოლის თანამშრომლების, მოსარჩელის მიმართ არსებული „სერიოზული“ ფიდუციარული ვალდებულებები.
თავად Salford-მა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება 2018 წლის 15 ნოემბერს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კომპანია სამართლებრივ დავას გააგრძელებს იქამდე, სანამ მიყენებული ზიანის და დაკარგული ბიზნეს შესაძლებლობის სრულ და სამართლიან ანაზღაურებას არ მიიღებს. აქტივების მასშტაბის გამო, საუბარია ასობით მილიონ დოლარზე.