logo
ENG



CNN: უკრაინელი გამომძიებლების ჯგუფი პოლონეთში იმ ადგილას ჩავიდა, სადაც რაკეტა ჩამოვარდა

17 ნოე 202220:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/17/n2okn1ufvxoba71.jpg

გამოცემა CNN უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინელი გამომძიებლების ჯგუფი პოლონეთში იმ ადგილას ჩავიდა სადაც 15 ნოემბერს რაკეტა ჩამოვარდა.

მომხდარის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა, რომ უკრაინულ ჯგუფსაც ჰქონოდა გამოძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, რომელსაც პოლონელი და ამერიკელი ექსპერტები აწარმოებენ.

პოლონეთის ტერიტორიაზე, 15 ნოემბერს უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში 2 რაკეტა ჩამოვარდა. პოლონეთმა დაადასტურა, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "15:40 საათზე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დაიღუპა".

შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა და "მოითხოვა სასწრაფო, დეტალური განმარტებები".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო  შემთხვევასთან კავშირი და განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".

პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა 

გამოცემა Associated Press 16 ნოემბერს სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, უკრაინელმა სამხედროებმა გაუშვეს, რათა რუსული რაკეტა ჩამოეგდოთ.

AP-ის თქმით, რაკეტა უკრაინელმა სამხედროებმა ესროლეს მოახლოებულ რუსულ რაკეტას ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასიური თავდასხმის დროს, რომელიც წინა დღეს განხორციელდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სპიკერის იური იჰნატის ცნობით, ეს უკრაინის მხრიდან რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მოგერიება იყო და ახლა უნდა დადგინდეს აფეთქება რუსული რაკეტის ჩავარდნამ გამოიწვია, თუ ადგილზე უკრაინული რაკეტის ნარჩენებიცაა. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინას სურს დაადგინოს ყველა ფაქტი იმ რაკეტის ირგვლივ, რომელიც პოლონეთში დაეცა, ამიტომ საგამოძიებო ჯგუფში უკრაინელი ექსპერტების ჩართვა ითხოვა. 

"უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ გვინდა დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი. სწორედ ამიტომ გვჭირდება, რომ ჩვენი ექსპერტები შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიების მუშაობას და მიიღონ წვდომა აფეთქების შესახებ ყველა მონაცემზე, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი პარტნიორებისთვის."- განაცხადა ზელენსკიმ. 

 

close დახურვა