logo
ENG



CNN რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს

05 მარ 202209:51
3 წუთის საკითხავი
 
Getty Images

სხვა მედიასაშუალებების შემდეგ ამერიკული ტელეკომპანია CNN აცხადებს, რომ რუსეთში წყვეტს მუშაობას.

მედია აცხადებს, რომ ეს არის მათი პასუხი იმ აკრძალვებზე, რაც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას დამოუკიდებელი მედიას დაუწესა.

რუსეთის დუმამ ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმიის შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელების შემთხვევაში მედიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„CNN რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას და ჩვენს შემდეგ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას მივიღებთ" - განაცხადა კომპანიის პრესსამსახურმა.

რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ უკვე განაცხადა არაერთმა უცხოურმა გამოცემამ, მათ შორის BBC-მ და CBC-მ და Bloomberg-მა. 

4 მარტს რუსეთის დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმიაზე "ფეიკნიუსის გავრცელება" სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.  

ამ კანონის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებაზე პასუხისმგებელ პირებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თუ "ყალბი ინფორმაცია" გავრცელდა ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში ან თან ახლდა მტკიცებულებების გაყალბება, მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე იზრდება. თუ "არასანდო ინფორმაციის" გავრცელებამ "მძიმე შედეგები გამოიწვია", დამნაშავეებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აღნიშნული კანონი პირდაპირ საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიასაშუალებებს. 

მანამდე რუსეთის მარეგულირებელმა სამსახურმა მედიებისგან მოითხოვა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია რუსული ოფიციალური წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელონ. გარდა ამისა, მარეგულირებელი მოითხოვა მედიებისგან, რომ წაეშალათ შენიშვნები, სადაც უკრაინის ვითარება აღნიშნული იყო, როგორც "ომი" და "თავდასხმა".


close დახურვა