97 ქვეყანა და 100 ათასზე მეტი დაინფიცირებული - მსოფლიო კორონავირუსის მესამე ეპიდაფეთქებას ებრძვის. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობა 111 224 ადამიანს შეადგენს. გარდაცვალების საერთო მაჩვენებელი 3 800-ზე მეტია, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა კი 62 109-ზე მეტია.
დასენიანებულ ქვეყნებს შორის საქართველოც არის, სადაც ბოლო კვლევებით კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმრავლესობა იტალიასთან პირდაპირ, ან ირიბ კონტაქტს უკავშირდება. ყველა პაციენტი მკურნალობას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადის.
რა არის კორონავირუსი?
კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და სხვა უფრო მძიმე დაავადებები, როგორიცაა MERS-CoV და SARS-CoV. ახლადაღმოჩენილი კორონავირუსი არის ახალი შტამი, რომელიც ადამიანებში მანამდე არ იყო გამოვლენილი. კორონავირუსი არის ზოონოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაცემა ცხოველიდან ადამიანზე ხდება. თავდაპირველად ეს ვირუსი სწორედ ცხოველებში არსებობდა, თუმცა მოგვიანებით ადამიანებზეც გავრცელდა.
ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი თეორია ღამურებს და მათ მიერ ვირუსის სხვა ცხოველებზე გავრცელებას უკავშირდება. ამ ვერსიით, ღამურებმა შესაძლოა დაასნებოვნეს ბაზარზე არსებული გარემო, ვირუსი მოხვდა სხვა ცხოველებზე, შემდეგ კი, ეს ცხოველები საკვებად გამოყენეს, რის გამოც, ადამიანების დაინფიცირება მოხდა.
ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, რაც შემდგომში დაინფიცირებულთა დიდ რაოდენობაში ისახება.
კორონავირუსის სიმპტომები
კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები: ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.
კორონავირუსი მეტად საშიშია იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს კარდიოვასკულარული დაავადებები, ასევე ასთმა, ფილტვის პათოლოგიები და დიაბეტი.
რაც შეეხება კორონავირუსისგან თავის დაცვის ხერხებს, რადგან COVID-19 ახალი ტიპის ვირუსია, მის საწინააღმდეგოდ ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოში კონკრეტულ რეკომენდაციებს იძლევიან.
მეტი დეტალის გასარკვევად "ფორმულა" ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ჰიგიენას.
„ზოგადად ასეთ გარემოში ვირუსი ძლებს 4-5 დღე, ხანდახან 9 დღე. მნიშვნელოვანია, რომ არ შევეხოთ ცხოველებს. თავი მოვარიდოთ ფერმებს და თერმული დამუშავების გარეშე არ შევიძინოთ პროდუქტები. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ჩინეთში სწორედ ასეთი ბაზრის პირობებში გავრცელდა ვირუსი", - განაცხადა ცერცვაძემ.
მან ბოქსირებული განყოფილებების რაოდენობაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ინფექციურ საავადმყოფოში საკმარისი ბოქსია. ამასთან, საავადმყოფოს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლო დაინფიცირებულთა ან დასენიანებული ქვეყნებიდან ჩამოსულთათვის მეტი ალტერნატიული ფართი შეიქმნება. ცერცვაძე, ამბობს, რომ ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ ყველა პაციენტი, მათ შორის ისინიც, ვისაც დასენიანებულ ქვეყნებთან კავშირი ჰქონდა.
"რაც შეეხება ბოქსირებულ განყოფილებას, ვინაიდან ერთ ვირუსთან გვაქვს საქმე, 1 ბოქსში ვანვათავსებთ 3-4 პაციენტს და ამ ეტაპზე ეს საკმარისია. მაგრამ, თუ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, როგორც ეს მაგალითად ჩინეთში და სხვაგან მოხდა, რა თქმა უნდა, ეს ბოქსები არ იქნება საკმარისი. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე მუშაობს და ალტერნატიულ ფართებს ათავისუფლებს. პირები, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები და არ ყოფილან კონტაქტში დაინფიცირებულებთან, პირები, რომლებიც მაგალითად უბრალოდ მოგზაურობდნენ იტალიაში, ისინი განთავსდებიან სწორედ ამ ალტერნატიულ განყოფილებებში, მაგალითად ტუბერკულოზის ცენტრში, ან სპეციალურ სასტუმროში. არ არის აუცილებელი, რომ ეს ფართები იყოს პროფილური, მთავარია პაციენტებზე დაკვირვება მოხდეს. ჩვენ ბოქსებში მოხვდებიან მხოლოდ ისინი ვისაც დაუდასტურდებათ ვირუსი ან ექნებათ კლინიკურად დადასტურებული სიმპტომები.
"ამ ეტაპზე, ჩვენთან მოჰყავთ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც დაავადების ნიშნებიც არ აქვთ. ვიღაცას მაღალი სიცხე აქვს, ვიღაცამ დაახველა, მაგრამ პრინციპში ეს კარგიც არის, რადგან ერთ-ერთ დაინფიცირებულს საერთოდ არ აღენიშნებოდა სიმპტომები. ყველა რომ არ მოჰყავდეთ, ვირუსი აუცილებლად გაიპარებოდა და იქნებოდა ის, რაც ხდება იტალიაში. სწორედ იტალიაში უსიმპტომო პაციენტები არ მოათავსეს და სწორედ ამ დროს გავრცელდა ვირუსი. უნდა ითქვას, რომ უსიმპტომო პაციენტების არსებობა უფრო საფრთხის შემცველია, რადგან მას არავინ ერიდება, ხოლო ვინც მძიმედ არის, ის ისედაც არ გამოდის გარეთ“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი „ფორმულასთან“ საუბარში განმარტავს, რომ დაავადების მძიმე მიმდინარეობა აქვს მხოლოდ 6%-ს, იგულისხმება ფილტვების ანთება, მაღალი სიცხე და ა.შ. დანარჩენ 80 პროცენტს აქვს საშუალო, მსუბუქი და უსიმპტომო მიმდინარეობა.
„მსუბუქი ფორმების დროს შეიძლება მოხდეს პაციენტის მდგომარეობის დამძიმება. ასევე უსიმპტომო პაციენტს, დაინფიცირებიდან 1 კვირის თავზე შეიძლება გაურთულდეს მდგომარეობა, ამიტომ, თანაბარ ყურადღებასა და მკურნალობას საჭიროებს ყველა ტიპის პაციენტი. რაც შეეხება ბავშვებს - ბავშვები 0-დან 15 წლამდე ძალიან იშვიათად ინფიცირდებიან ახალი კორონავირუსით. სულ ერთეული შემთხვევებია. ბავშვები არ წარმოადგენენ რისკის ჯგუფს. რისკის ჯგუფები რა თქმა უნდა ასაკის მატებასთან ერთად იმატებს. ვისაც აქვს დიაბეტი, ფილტვების დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები - ისინი რისკჯგუფში შედიან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ვირუსი აუცილებლად ემართებათ. უბრალოდ დაინფიცირების შემთხვევაში მათ უფრო რთულად გადააქვთ ვირუსი", - აღნიშნა ცერცვაძემ.
მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ჰიგიენის დაცვისკენ და დასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსისაზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, დღეს არსებული მდგომარეობით, კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს, რაც გასულ წლებში გავრცელებულ სხვა ვირუსებთან შედარებით ბევრად დაბალია.
კორონავირუსის ისტორია
კორონავირუსის პირველი ორი ეპიდაფეთქება 2002-2003 წლებში, ჩინეთში დაფიქსირდა. აღნიშნულმა ვირუსმა რამდენიმე ქვეყანა მოიცვა და შემთხვევების შემცირების მომენტისთვის (2003 წლის ზაფხული) დაავადებულთა თითქმის 10%-ი დაიღუპა.
მეორე შემთხვევა 2012 წელს იყო, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსს დაავადებული პაციენტების 35%-ი ემსხვერპლა.
კორონავირუსის მესამე აფეთქება 2019 წლის ბოლოს, ჩინეთში, უბეისპროვინციის ქალაქ უჰანში დაიწყო. COVID-19, როგორც მას სპეციალისტები მოიხსენიებენ, ქვეყნის მასშტაბით ელვის სისწრაფით გავრცელდა.
გასული წლის 31 დეკემბერს, ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. უკვე 2020 წლის 22 იანვრიდან, ჩინეთის ხელისუფლება იძულებული გახდა უჰანსა და მის მიმდებარე რეგიონებში კარანტინი გამოეცხადა. მიუხედავად კარანტინის გამოცხადებისა, ვირუსი ჯერ ჩინეთის თითქმის ყველა პროვინციაში, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელდა. ამის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შესაძლო პანდემიის შესახებ განაცხადა.
მსოფლიო ვირუსის გავრცელების მიზეზებსა და პრევენციის გზებს ამ დრომდე იკვლევს. წამყვანი სპეციალისტები მედიკამენტების შექმნაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, სხვადასხვა ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობა კი, იმატებს.