ანალიტიკური გამოცემა Carnegie Europe საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტია რეჟიმის შენარჩუნებას ყველაფერზე, მათ შორის, ქვეყნის ინტერესებზე, მაღლა აყენებს.
მკვლევარი ტომას დე ვაალი პუბლიკაციაში წერს, რომ "ქვეყანაში არსებული მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაცია რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიულ პროგრესს"
„მმართველი პარტია ქართული ოცნება უპრეცედენტო ბრძოლაშია ჩართული ევროპასთან და აშშ-სთან. ივლისში პარტიამ დატოვა ევროპის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც მიზნად წინა წლის არჩევნების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციასთან დაპირისპირების გაწყვეტას. სექტემბერში კი, მას შემდეგ, რაც ღიად იქნა უგულებელყოფილი ნაკისრი ვალდებულება, არ გაგრძელებულიყო პოლიტიკურად მოტივირებული დანიშვნები სასამართლო სისტემაში, მთავრობამ დაკარგა ევროკავშირის სესხის პაკეტის ნახევარი, 75მლნ ევრო", - წერს ვაალი.
ვაალის აზრით, სწორედ ეს ქმედებები აჩვენებს ქართული ოცნების ამოცანას - შეინარჩუნოს რეჟიმი. მკვლევრის აზრით, მმართველი ძალა ცდილობს, "არ დაწვას ყველა ხიდი მოსკოვთან".
მკვლევარი, ასევე, წერს, რომ რეჟიმის შენარჩუნებისათვის ღარიბაშვილსა და "მის უფროსებს" აქვთ სტრატეგია, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, გულისხმობს სააკაშვილის სახელით გამოწვეული შიშის გამოყენებას.
„რეჟიმის გადარჩენა ყველა საკითხზე მაღლა დგას - მათ შორის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მაკროფინანსურ დახმარებაზე მაღლაც. ჩანს, ღარიბაშვილსა და მის უფროსებს აქვთ სტრატეგია, რომელსაც მიჰყვებიან: განახორციელოს კონტროლი მედიაზე, სასამართლო სისტემასა და არჩევნებზე; ქართულ ფასეულობებზე საუბრითა და მიხეილ სააკაშვილის სახელით შიშის დათესვით გადაიტანოს ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებიდან; შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები ბრიუსელთან და ვაშინგტონთან მაშინ, როცა არ წვავს ყველა ხიდს მოსკოვთან", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ქვეყნის ლიდერებსა და დასავლელ პარტნიორებს შორის კამათის საგანი გახდა 5 ივლისის მოვლენებიც - სტატიაში ძალადობრივ მოვლენებთან ერთად ნახსენებია ევროკავშირის დროშის დაწვაც.
„ქვეყნის ლიდერებს უთანხმოება ჰქონდათ დასავლელ პარტნიორებთან თბილისი პრაიდის ორგანიზებულ მარშთან დაკავშირებითაც ივლისში. ხუთ ივლისს მათ ვერ დაიცვეს ჟურნალისტები აგრესიისგან, რომელიც მოდიოდა ანტი-ლგბტქ ექსტრემისტების მხრიდან. ამ ჯგუფმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორ დღეში ორჯერ დაწვეს. მოგვიანებით კი აგრესიულად განწყობილმა პრემიერმა ღარიბაშვილმა მოვლენებს "პროპაგანდისტული მარში" უწოდა", - წერს დე ვაალი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზარალის პარტნიორი ქვეყნებისთვის აღმოსაფხვრელად 3 მილიარდი ევრო გამოყო, მათგან 150 მილიონი ევრო საქართველოს ერგო. თანხის პირველი ნაწილი - 75 მილიონი ევრო 2020 წლის ნოემბერში გადმოირიცხა, მეორე ნაწილი კი 2021 წლის დეკემბერში უნდა მიგვეღო.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, სრულად მაკროფინანსური დახმარების პირობა შეესრულებინა - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის €75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია. ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირი ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება".
მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში, ყირიმის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.