„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ სოფელ ერგნეთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ იქ არსებული მოსახლეობა უმძიმესი სოციალური პრობლემების წინაშეა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პარალელურად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების ნაწილს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, რაც სასწავლო პროცესს აფერხებს.
„აპრილის ბოლოს სოფელ ერგნეთის მოსახლეობის საჭიროებებს გავეცანით. ტრანსპორტით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ამჯერადაც ონლაინ რეჟიმში.
გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის თემის სოფელი ერგნეთი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ერგნეთი ესაზღვრება ტერიტორიას, რომელსაც დღეს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. სოფლში შესასვლელ გზაზე განთავსებულია ქართული პოლიციის საგუშაგო, თუმცა სოფელში შესვლა და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერგნეთმა უზარმაზარი ზარალი განიცადა, თითქმის სრულიად განადგურდა სოფლის მატერიალური ქონება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა სოფელში საცხოვრებლად მაინც დაბრუნდა.
2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ერგნეთში 639 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი - 457. როგორც გასაუბრებისას გვითხრეს, ამჟამად სოფელში 274-მდე კომლი და 726 მკვიდრია. COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ამოქმედებული შეზღუდვების გამო, სოფელს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუბრუნდა.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ პრობლემები არც კორონა ვირუსის გავრცელებამდე აკლდათ, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებით ამოქმედებელმა შეზღუდვებმა ყოფითი პრობლემები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით წარმოაჩინა.
2008 წლის ომის შემდეგ, ერგნეთში ახალი სკოლა აშენდა, შესაბამისი გარემოთი და სათანადო ინვენტარით აღჭურვილი. თუმცა, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პარალელურად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების ნაწილს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, რაც სასწავლო პროცესს აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში სკოლამდელი აღზრდის ასაკის ბევრი ბავშვია, სოფელს საბავშვო ბაღი არ აქვს.
ერგნეთში დღემდე არ არის აფთიაქი. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა პრაქტიკულად შეჩერებულია, მოსახლეობა მედიკამენტების შეძენას ვეღარ ახერხებს. არადა, სოფელში გულისა და წნევის წამლებს ბევრი საჭიროებს. სოფელში არც მაღაზია და პურის საცხობია. არსებულ პრობლემებს უტრანსპორტობაც დაემატა, გვიხსნიან, რომ პურის, პირველადი მოხმარების საგნების და პროდუქტების შეძენა ძალიან უჭირთ. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ფქვილის მარაგი არ ჰქონდა, პურს შეზღუდულად მოიხმარს.
სოფელს არ აქვს მოსახლეობის თავშეყრის ადგილი, გასართობი ცენტრი, სპორტული მოედანი ან ბიბლიოთეკა, რასაც ადგილობრივი ახალგაზრდობა განსაკუთრებით განიცდის. ერგნეთში ფუნქციონირებს ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც ომით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეა გახსნილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.