logo
ENG



DRI:ულტრამემარჯვენე ძალები COVID 19-ით გამოწვეულ პანდემიას ანტილიბერალური კამპანიისთვის იყენებენ

01 მაი 202011:57
3 წუთის საკითხავი
 
buw8gfmab818uq3.png

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ COVID 19-ით გამოწვეული პანდემია ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ანტიდასავლური, ანტილიბერალური და მკვეთრად დეზინფორმაციული კამპანიისთვის გამოიყენეს.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგრძელებს ულტრამემარჯვენე დისკურსის შესწავლას სოციალური და ონლაინ მედიის კონტექსტში. აპრილის განმავლობაში ქართული ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდების დიდი ნაწილის ყურადღების ცენტრში ისევ კორონა ვირუსის გავრცელება დარჩა. COVID 19-ით გამოწვეული პანდემია ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ანტიდასავლური, ანტილიბერალური და მკვეთრად დეზინფორმაციული კამპანიისთვის გამოიყენეს.
ულტრამემარჯვენე ჯგუფების კონსპირაციები COVID 19 პანდემიის შესახებ
აპრილში ფეისბუქ გვერდებზე „GEO PEPE“, „ალტ-კლუბი“ , „ანტილიბერალური ლიგა“, „ქართული გვერდი“ და „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ COVID 19 პანდემიასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ამ მხრივ აღსანიშნავია, ერთი მხრივ,  კონსპირაცია G5 ტექნოლოგიისა და ვირუსის გავრცელების ურთიერთკავშირის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, მითი Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსთან დაკავშირებით, რომელიც, აღნიშნული წყაროების მიხედვით, ადამიანებში მიკროჩიპების ჩაყენებით „ცდილობს“ პანდემიას ებრძოლოს.
ულტრამემარჯვენე რიტორიკის ფეისბუქ გვერდებმა „ქართული გვერდი“ და „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გაავრცელეს ჟურნალისტ ლალი მოროშკინას პოსტი, სადაც ის G5 ტექნოლოგიების გამოყენების გზით ვირუსის გავრცელებაზე საუბრობს. აღნიშნული პოსტი გააზიარა პრორუსულმა ონლაინ მედიამ „მარშალპრესმა“. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გლობალურად გავრცელებულ კონსპირაციას G5 ტექნოლოგიების შესახებ გამოეხმაურა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც (WHO) და აღნიშნა, რომ არანაირი მტკიცებულება G5 ტექნოლოგიასა და COVID 19-ის გავრცელებას შორის არ არსებობს. „ვირუსებს არ შეუძლიათ რადიოტალღებზე და მობილური ქსელებით მოგზაურობა. COVID 19 ბევრ ისეთ ქვეყანაში გავრცელდა, სადაც G5 მობილური ქსელი არაა“, წერია განცხადებაში.  გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სერვისის (NHS) ინგლისის განყოფილების სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა სტივ პოუსმა გავრცელებული მითი COVID 19-ისა და 5G ტექნოლოგიების კავშირის შესახებ „ყველაზე ცუდ ყალბ ამბად“ შეაფასა.
პრორუსულმა ქართულმა მედიამ კორონავირუსის და მიკროჩიპების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელი აქტიურად შეუწყო. 3 აპრილს tvalsazrisi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია „ნანო ვაქცინაცია იძლევა საშუალებას, მიკროჩიპი შეიყვანო ორგანიზმში“. გავრცელებული კონსპირაციის თანახმად, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მიკროჩიპების გამოყენებას ცდილობს ადამიანთა სამართავად. აღნიშნული დეზინფორმაცია თავდაპირველად რუსულ მედიაში გავრცელდა, მათ შორის, zavtra.ru, fondsk.ru  და svpressa.ru-ზე.
 
ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტილიბერალური გზავნილები
ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა სააღდგომო ლიტურგიის წინ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ აქციად აღიქვეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რომლის თანახმადაც, 21 აპრილის ჩათვლით შეზღუდა გადაადგილების თავისუფლება. შესაბამისად, ფეისბუქ გვერდებმა „ალტ-კლუბი“, „ალტ ინფო“ და „Geo pepe” წამოიწყეს კამპანია, რომლის ძირითადი მიზანი მართლამდიდებლური ეკლესიის მთავარ მტრად ლიბერალიზმის წარმოჩენა იყო. 
ანტილიბერალური გზავნილების ძირითადი გამავრცელებლები ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები იყვნენ. „ქართული იდეის“ ლიდერმა ლევან ჩაჩუამ ხელისუფლების გადაწყვეტილება ნაციონალურ მოძრაობასთან „რელიგიურ კოჰაბიატაციად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ სააღდგომო ლიტურგიას მხოლოდ „ფარისევლები და სოროს-მედია ზომბირებულები“ არ ესწრებოდნენ. 11 აპრილს ულტრამემარჯვენე ლიდერმა და ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საქართველოს მთავრობას საგანგებო წერილით მიმართა, რომელშიც ის პანდემიის ფონზე არსებულ ეკონომიკურ კრიზისს „ანტი-ეროვნულ, ლიბერალურ იდეოლოგიას“ უკავშირებდა და ხელისუფლებას მასობრივი შიმშილის თავიდან ასაცილებლად დროული მოქმედებისკენ  მოუწოდებდა. 8 აპრილს  ულტრამემარჯვენე აქტივისტმა ბექა ვარდოსანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში ლიბერალური ძალების მიერ მუშავდება პეტიცია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკროდანტის გაუქმების თაობაზე. მან ლიბერალური მედია  დაადანაშაულა ზეთისცხების რიტუალის  შესახებ  ფაქტების დამალვაში და ისინი  საპატრიარქოს მტრებად მოიხსენია.
                                                               
ძირითადი დაკვირვების სახით შეიძლება ითქვას, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები სოციალურ და ონლაინ მედიას იყენებენ, როგორც ხელსაყრელ პლატფორმას ანტილიბერალური დღის წესრიგის შესაქმნელად. მათი რიტორიკა კი მკვეთრად ჰომოფობიური, პრორუსული და ანტიდასავლური განწყობებით ხასიათდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა