დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მომზადებულ მასალებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიყურადება და თვალთვალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას უარი თქვან ფარულ მოსმენებზე, პარლამენტს კი მიმართავს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც სუს-ის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ფარული თვალთვალის ფაქტებს შეისწავლის.
"სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების ფარული მოსმენა და თვალთვალი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციური მართლწესრიგიდან გადახვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.
DRI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საჯაროობის და გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს სუს-ის/სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ფარული მიყურადების ფაქტების შესწავლას.
დაუყოვნებლივ დაიწყოს მსჯელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ეფექტიანი სამოქალაქო მონიტორინგის და მაღალი ხარისხის ანგარიშვალდებულების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ხელისუფლების მხრიდან უკანონო თვალთვალის რისკებს.
სახელისუფლებო პარტიას და მისი კონტროლის ქვეშ მყოფ სამართალდამცავ სტრუქტურებს:
დაბრუნდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და უარი თქვან ფარული მოსმენის, როგორც პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორების იარაღად გამოყენებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებზე და ჟურნალისტებზეც.
ჩანაწერები თარიღდება 2014-2021 წლებით.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა.
ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია.
ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან.