logo
ENG



EMC: მშრომელთა დიდი ნაწილი შრომითი უფლებების დარღვევის მსხვერპლი ყოველდღიურად ხდება

01 მაი 202015:01
3 წუთის საკითხავი
 
t9tvy37hhr00592.jpg

EMC მშრომელთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება და სახელმწიფოს მშრომელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საკანონდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს, არსებული კანონმდებლობის აღსრულების მოქნილი მექანიზმებისა და სოციალური დაცვის მყარი სტანდარტების შექმნისკენ მოუწოდებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მშრომელთა დიდი ნაწილი შრომის კანონმდებლობის უგულვებელყოფისა და შრომითი უფლებების დარღვევის მსხვერპლი ყოველდღიურად ხდება. 

„საქართველოში მშრომელთა დიდი ნაწილი შრომის კანონმდებლობის უგულვებელყოფისა და შრომითი უფლებების დარღვევის მსხვერპლი ყოველდღიურად ხდება. თუმცა პანდემიის პირობებში ამან განსაკუთრებით მასობრივი ხასიათი შეიძინა. სისტემატიური სახე მიიღო წინასწარი შეტყობინებისა და სათანადო კომპენსაციის გარეშე ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებამ, უხელფასო შვებულებაში დასაქმებულების იძულებით გაშვებამ, ხელფასის თვითნებურმა შემცირებამ თუ ანაზღაურებაზე უარის თქმამ. შექმნილმა ვითარებამ ზედაპირზე გამოიტანა და ხილული გახადა მშრომელთა მოწყვლადობა და სამართლიანი საკანონმდებლო მოწესრიგების, ქმედითი ინსტიტუტებისა და სოციალური დაცვის მყარი გარანტიების არარსებობა.

უფლებების დარღვევა კვლავ ხშირია სამთო-მოპოვებით და მძიმე ინდუსტრიებში. ტყიბულის შახტებში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ელემენტარული სტანდარტების დაცვა მოუგვარებელ პრობლემად რჩება და მეშახტეები, დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ, ყოველდღიურად, საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ.  მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი აუდიტის დასკვნის თანახმად, შახტების ფუნდამენტური ოპტიმიზაციის გარეშე იქ ნახშირმოპოვებითი საქმიანობა დაუშვებელია, მუშაობა ისე გრძელდება, რომ ვითარება არათუ გაუმჯობესებულა, არამედ რიგ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც. მძიმე და უსამართლო პირობებში აგრძელებენ მუშაობას ჭიათურასა და რუსთავშიც, სადაც გასულ წელს მშრომელთა მასიურ გაფიცვას ჰქონდა ადგილი.

შრომის კანონმდებლობის უუგულვებელყოფა ხშირი პრაქტიკაა სერვისის სექტორშიც. სუპერმარკეტის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტებისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს  არარეგულირებული სამუშაო დრო, აუნაზღარუებელი ზეგანაკვეთური შრომა, შესვენების და დასვენების დროის არარსებობა, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ფუნქციების შეთავსება და სხვა ღირსებისშემლახავი პრაქტიკები. ამასთან, კონსულტანტებს საფრთხისშემცველ გარემოში და მუდმივი სტრესის ქვეშ უწევთ მუშაობა აგრესიული კლიენტებისგან არასათანადო დაცვის გამო, რაც წლის დასაწყისში კონსულტანტის გარდაცვალების მიზეზიც გახდა.

მაღალი რჩება მშენებლობაზე დაღუპული და დაშავებული მუშების რიცხვიც. 2019 წელს 29 მუშა გარდაიცვალა და 54 დაშავდა; შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ, მათ შორის, არასრულწლოვნის სიცოცხლე შეიწირა. გახმაურებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამკერვალო ფაბრიკებში არსებული მძიმე სამუშაო პირობები, - ღირსებისშემლახავი დისციპლინა და საფრთხისშემცველი გარემო, მძიმე შრომისთვის შეუსაბამო დაბალი ანაზღაურება, რომლის ოდენობა არასტაბილური და არაგანჭვრეტადია და სხვა. - რაზეც ჩვენი ორგანიზაცია თავის კვლევაშიც საუბრობდა. არალელურად, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებთან მომუშავე სოციალური მუშაკების შრომა კვლავ დაუფასებელი და მძიმეა. მათ არ აქვთ საკუთარი ფუნქციების განხორციელებისთვის აუცილებელი რესურსები, ხოლო მათი შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები ძალზედ სუსტია. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიტიტიკული ჟურნალისტების მიმართ შევიწროებისა და კონტროლის მიზნით, რამდენიმე თვეა, გრძელდება შრომითი უფლებებისა და შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევა.

1 მაისი, მშრომელთა საერთაშორისო დღე, სახელმწიფოსთვის კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესახსენებლად უნდა იქნას გამოყენებული. სახელმწიფომ უნდა შექმნას ღირსეული შრომის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი საკანონმდებლო და ინსტიტუტიცური მექანიზმები, რათა შემდეგ 1 მაისს მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობა ისეთივე სავალალო არ იყოს, როგორიც დღეს არის“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა