საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გაფართოების შესახებ ანგარიშზე საუბრისას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა.
მისი თქმით, საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ.
"9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი არჩევნების ჩატარებას შეეხება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. დარღვევები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევების გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მოხდეს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, საპირისპიროც არ უთქვამთ, ამიტომ, ეს გამოძიება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.