ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.
ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე გააკეთა.
"საქართველოში სიტუაცია მოსახლეობისთვის პოზიტიური მიმართულებით ნამდვილად არ მიდის. დემოკრატიები არ ახშობენ ოპოზიციურ ხმებს ან არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას. ამის საპასუხოდ, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევწყვიტეთ დაფინანსება საქართველოს მთავრობისთვის.
დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე, კომისია წინადადებას ამ წელსვე წარადგენს. და ჩვენ ასევე განვიხილეთ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას, გადავამისამართებთ დახმარებას, რომელსაც ვუწევდით ხელისუფლებას და გადავცემთ ამ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას. როგორც სირიაში, სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ, ისე საქართველოში - საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალი ექნებათ მათ", - თქვა მან.
კაია კალასის განცხადებამდე ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ უკვე დაიწყო საკითხზე მუშაობა და შესაბამის დოკუმენტს უახლოეს დღეებში მოამზადებს.