logo
ENG



EUCO: EU არასდროს აღიარებს უკრაინის ანექსიას, პუტინის გადაწყვეტილებას ნულოვანი ეფექტი აქვს

30 სექ 202218:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/a21ek9mjgn77z9i.jpg

ევროპული საბჭო აცხადებს, რომ ევროკავშირი გმობს და უარყოფს რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის რუსეთის ნაწილად გამოცხადებას.

საბჭოს განცხადებით, ბლოკი არასდროს აღიარებს ყალბ რეფერენდუმებს და არალეგალურ ანექსიას, რომელსაც, მისი თქმით, ნულოვანი სამართლებრივი ეფექტი აქვს და ევროკავშირის გადაწყვეტილებას - მხარი დაუჭიროს უკრაინას და რუსეთს დამატებითი შეზღუდვები დაუწესოს, ვერ შეარყევს.

ევროპული საბჭოს თქმით, ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუჰანსკი უკრაინაა და ამ ქვეყანას აქვს უფლება დაიბრუნოს სრული კონტროლი საკუთარ ტერიტორიებზე.

საბჭომ სხვა სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, პუტინის მხრიდან უკრაინის რეგიონების ანექსია დაგმონ.

ევროპულმა საბჭომ ხელახლა დაადასტურა, რომ ევროკავშირი უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და განაცხადა, რომ 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი უკრაინად მანამ დაეხმარება, სანამ საჭირო იქნება.

ევროპული საბჭოს განცხადება სრულად: 

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ და ერთხმად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების არასამართლებრივ ანექსიას. წესებზე დაყრდნობილი საერთაშორისო წესრიგისთვის ნებით ძირის გამოთხრა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური უფლებების, ასევე გაეროს ქარტიითა და საერთაშორისო სამართლით დაცული ძირეული პრინციპების უხეშად დარღვევით რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ჩვენ არც ახლა და არასდროს ვაღიარებთ იმ არალეგალურ „რეფერენდუმებს“, რაც რუსეთმა შეიმუშავა, როგორც წინაპირობა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევისთვის, არც მათ მიერ გაყალბებულ და არალეგალურ შედეგებს ვაღიარებთ. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ არალეგალურ ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ნულოვანია, სიცარიელეა და არ შეუძლიათ ჰქონდეთ რამენაირი სამართლებრივი ეფექტი. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუჰანსკი უკრაინაა. ჩვენ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, ერთხმად დაგმონ ეს არალეგალური ანექსია.

რუსეთის აგრესიული ომის, ისევე როგორც მოსკოვიდან უახლესი ესკალაციის ფონზე, ევროკავშირი უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით მყარად დგას. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენულობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. უკრაინა იყენებს თავის სამართლებრივ უფლებას, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და დაიბრუნოს სრული კონტროლი თავის ტერიტორიაზე და აქვს უფლება, გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კრემლის მხრიდან ბირთვული საშიშროება, სამხედრო მობილიზაცია და სტრატეგია, რომ უკრაინის ტერიტორია ყალბად რუსეთისად წარმოაჩინონ და წარმოჩენა, რომ ომი ახლა რუსეთის ტერიტორიაზე წარიმართება ჩვენს გადაწყვეტილებას ვერ შეარყევს.

ჩვენ გავაძლიერებთ, შემზღუდავ ზომებს რუსეთის არალეგალური ქმედებების საპირისპიროდ. ეს ზომები მეტად გაზრდიან წნეხს რუსეთზე, რომ დაასრულოს თავისი აგრესიული ომი.

ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ, რომ ევროპული ოჯახი უკრაინასთან დგას და გავაგრძელებთ უკრაინისთვის ძლიერი, ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური და ფინანსური დახმარების მიწოდებას, იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება."

 

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი დღეს 30 სექტემბერს მოაწერეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციების ცნობით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, ე.წ რეფერენდუმებში ხერსონში 87.05%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ლუჰანსკში - 98.42%-მა და დონეცკში 99.23%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

ვლადიმერ პუტინმა დღეს, 30 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებებს, რითაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების - ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა.

 

close დახურვა