ევროპული გამოცემა EURACTIV აცხადებს, რომ მოიპოვა ევროკავშირის სამიტის შეჯამების 21 ივნისით დათარიღებული სამუშაო ვერსია, რომლის მიხედვითაც, ევროპული საბჭო უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს, საქართველოს შემთხვევაში კი გაიმეორებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას.
„ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას“ - მედიის ცნობით, ევროკავშირის სამიტზე 23 ივნისს, სავარაუდოდ, ამ სიტყვებს იტვყიან.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში დამატებით ნაბიჯებს მას შემდეგ გადადგამენ, რაც ევროკომისიის რეკომენდაციები სრულად შესრულდება.
პირობების შესრულების კუთხით პროგრესის პირველი შეფასება კი კომისიის გაფართოების პაკეტის მიხედვით წლის ბოლოს შეფასდება.
ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ გასულ კვირას გასცა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია.
ევროპულმა კომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მიცემისგან თავი შეიკავა მანამ, სანამ ის დამატებით პირობებს არ შეასრულებს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 20 ივნისს დაახლოებით 120 000 ქართველი აქციაზე გამოვიდა, სადაც ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიმართ მოსახლეობამ საკუთარი რისხვა გამოხატა.
„მინიმუმ 120 000-მა ქართველმა დაიკავა ქუჩები ორშაბათს (20 ივნისს) ქვეყნის ევროკავშირის წევრობის განაცხადის მხარდასაჭერად, მას შემდეგ, რაც ევროპულმა კომისიამ გასცა თბილისის კანდიდატობის გადავადების რეკომენდაცია“ - წერს EURACTIV.
მედია აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს ლიდერები, ევროკავშირის სამიტზე, სავარაუდოდ, გაიმეორებენ ევროკომისიის პოზიციას.
„ევროკავშირის ლიდერები მოსალოდნელია რომ გაიმეორებენ პოზიციას, იტყვიან რომ ისინი „მზად არიან მისცენ კანდიდატის სტატუსი საქართველოს მას შემდეგ, რაც საქართველოს წევრობის განაცხადის შესახებ კომისიის შეფასებაში დაკონკრეტებული პრიორიტეტები მოგვარდება“ - აცხადებს მედია, მოპოვებულ ფაილზე დაყრდნობით.
ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბლოკის გაფართოების პროცედურების შესაბამისად, კანდიდატობის მსურველმა სამივე ქვეყანამ კანდიდატობამდე უნდა შეასრულოს ეს პირობები.
„თითოეული ქვეყნის პროგრესი ევროკავშირისკენ დამოკიდებული იქნება კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მათ წარმატებაზე, მათ შორის ევროკავშირის უნარზე, მიიღოს ახალი წევრები“ - მედიის ცნობით, ნათქვამია დასკვნის სამუშაო ვერსიაში.
ფაილში ასევე საუბარია იმაზე, რომ უკრაინისა და მოლდოვის ერთმანეთთან მიბმა არაა მიზანი, ისე როგორც ეს ჩრდილო მაკედონიისა და ალბანეთის შემთხვევაში მოხდა, სადაც ერთი ქვეყანა მეორეს გარეშე წინ ვერ წაიწევს წევრობის პროცესში.
რამდენიმე დიპლომატმა EURACTIV-ს უთხრა, რომ ევროკავშირის შიდა განხილვების პროცესში, 27 წევრ ქვეყანას შორის წინააღმდეგობები არ ყოფილა. დიპლომატები მედიას ეუბნებიან, რომ მათი აზრით, ამ კვირაში ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება ასახავს ევროკომისიის 17 ივნისის შეფასებებს.
20 ივნისს კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებს ეპატიჟება უკრაინისა და მოლდოვისთვის ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის გადასაცემად.
"ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გიწვევთ, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინას ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას"- განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს სავარაუდო გადაწყვეტილების შესახებ გუშინ რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, "ევროპული საბჭოს საბოლოო სამუშაო ვერსიის თანახმად: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აცხადებს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება".
იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, საჭიროა 27-ვე ქვეყნის თანხმობა.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი აზრით, 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს დაგეგმილ სამიტზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვას გარდა საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც უნდა მიენიჭოს.