ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივების საკითხს ევროკავშირის დელეგაცია ეუთოში საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წლით და 6 თვი გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელეს.
ევროკავშირმა გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა და ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა.
„ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა ფორმატების გამოყენებას საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების განსახილველად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს და დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ახალი პროვოკაციული ნაბიჯებისაგან, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას". - ნათქვამია განცხადებაში.
ამ კონტექსტში, ევროკავშირმა ასევე შეახსენა რუსეთის ფედერაციას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების ფარგლებში მისი პასუხისმგებლობა.
ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.
მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო.
ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.