განახლება: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოლოდიალმა განაცხადა, რომ Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ასახავს მხოლოდ რუსული მხარის მოთხოვნებს და სხვას არაფერს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეუძლია, რომ განიხილება ცეცხლის შეწყვეტის, რუსული ჯარების გასვლისა და რამდენიმე ქვეყნისგან უსაფრთხოების გარანტიების საკითხები.
Financial Times უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ჩართულ 3 ადამიანზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ნაწილში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას მოიცავს იმ შემთხვევაში, თუ კიევი დათანხმდება ნეიტრალიტეტს და თავისი შეიარაღების შეზღუდვას.
შეთანხმება, რომელიც უკრაინულმა და რუსმა მხარეებმა განიხილეს, გულისხმობს კიევის მიერ NATO-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარის თქმას და პირობას, რომ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე არ განალაგებს უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზებს და შეიარაღებას, სანაცვლოდ მას დაიცავენ ისეთი მოკავშირეები, როგორებიც არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.
გამოცემა მიუთითებს, რომ უკრაინის დაცვის დასავლური გარანტიების ბუნება, მოსკოვის მიერ მათზე თანხმობა, და რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი შეიძლება იყოს დაბრკოლება ბენისმიერი შეთანხმების მიღწევისთვის. თუმცა, 1994 წლის ბუდაპეშტის შეთანხმებამ, რომელიც უკრაინის დაცვის გარანტორი უნდა ყოფილიყო, არ იმუშავა და ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის პრევენცია.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვიც და კიევიც აცხადებენ, რომ შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილნი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მშვიდობა სურს და გამოთქვამენ ეჭვებს, რომ მოსკოვი შესაძლოა დროის გაყვანას ცდილობს სამხედრო ძალების გადაჯგუფებისა და შეტევის განახლებისთვის.
უკრაინა აცხადებს, რომ თუ ნეიტრალიტეტზე შეთანხმება შედგება, ეს მოხდება უკრაინული მოდელით და უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიებით.