საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) სუს-ის მიერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების უკანონო მიყურადების შესახებ მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლის და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანის უფლებების დამრღვევ ინსტიტუციად ჩამოყალიბებაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ პოლიტიკურ ძალას ეკისრება.
ამასთან, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სუსტი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების არ არსებობის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა რეალური დამნაშავეების იდენტიფიცირება და მათი ქმედების კანონის შესაბამისად დასჯა.
"არსებული შიდა თუ საგარეო საფრთხეების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსი კვლავ კონკრეტული ჯგუფების პირადი ცხოვრების უკანონოდ მიყურადებასა და ტოტალური კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე იხარჯება, რაც მას მკაცრად პოლიტიზირებულ, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ინტერესების სადარაჯოზე მყოფ უწყებად აქცევს, რომელიც კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, თვალთვალით, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანის უფლებების დარღვევის ინსტრუმენტად ჩამოყალიბებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც თანმიმდევრული ნაბიჯებით ხელი შეუწყო ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებას და გაძლიერებას, რომელთათვისაც უცხოა ადამიანის უფლებების ცნება და შინაარსი. სისტემის გაჯანსაღების ერთადერთი გზა შესაბამისი პოლიტიკური ნებაა, რომლის არ არსებობის პირობებში ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის ფაქტები ხელისუფლების პირდაპირ განზრახვად უნდა განიხილებოდეს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე.
ფაილები 2014-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა.
ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია.
ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.