ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთთან ფრენების დაწყების სურვილს გამოთქვამს.
კომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმება, საქართველოს მთავრობას კი ეროვნულს უწოდებს.
"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს", - ამბობს ის ავიანიუსთან.
მისი თქმით, მომავალ კვირაში ავიაკომპანიაში თათბირი ჩატარდება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"რუსული მხარე, შესაძლოა, მომზადებულია, მაგრამ მე მომზადებული ჯერ არ ვარ. მომავალ კვირაში ავიაკომპანიაში თათბირი ჩატარდება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რა საკვირველია.
ჯერ ერთი, ეს ჩვენს ხალხს დაეხმარება. ვინმემ გამაგებინოს, რატომ უნდა იარონ ერევნის, ბაქოს, თურქეთის გავლით?! ვინმემ თქვას, თუ შეიძლება რუსეთში წასვლა ველოსიპედით, მანქანით და ტრაქტორით, თვითმფრინავით რატომ არ შეიძლება? თუ დემოკრატიაა, მივცეთ ხალხს არჩევანი", - აცხადებს გაიაშვილი.
ამ დროისთვის რუსეთის 4-მა ავიაკომპანიამ მოსკოვიდან თბილისში კვირაში 49 ფრენის სურვილი გამოთქვა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
***
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.