logo
ENG



IDF-ის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ ვერ შეძლეს ჰამასის თავდასხმის პრევენცია

12 ოქტ 202317:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/12/aix3ml239c2cvmf.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰელევი აღიარებს იმ წარუმატებლობას, რამაც ხელი შეუწყო ჰამასის მებრძოლების შეღწევასა და მასობრივ მკვლელობას. ჰამასის თავდასხმის შემდეგ ეს მისი პირველი განცხადებაა.

"ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და შაბათს დილით ღაზის სექტორთან მიმდებარე რაიონში ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით. შევისწავლით, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა", - განაცხადა ჰალევიმ სამხრეთ ისრაელში ყოფნის დროს.

მანვე განაცხადა, რომ IDF აკეთებს ყველაფერს, რათა ჰამასის მიერ გატაცებული მძევლები დააბრუნოს:

"ხუთი დღე გავიდა სასტიკი ინციდენტის შემდეგ. ჰამასის მკვლელი ტერორისტების, ადამიანის ცხოველების მიერ ჩვენი შვილების, ჩვენი ცოლებისა და ჩვენი ხალხის ხოცვა-ჟლეტა არის ცხოველური და არაადამიანური. IDF ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც ჩაიდინეს წარმოუდგენელი ქმედებები".

ჰალევის თქმით, მოვა დრო, როდესაც გამოიძიებენ, როგორ შეძლო ჰამასმა თავდასხმის განხორციელება:

"ღაზა აღარ იქნება ისეთი, როგორც ადრე".

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა. 

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა". 

ბოლო მონაცემებით, ჰამასს დაახლოებით 150 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.


close დახურვა