არასამთავრობო ორგანიზაციები EMC-ი და IDFI-ი დღეს სასამართლო რეფორმის შედეგებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემაზე ანგარიშს წარადგენენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლევაში სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება და შესაბამის რეკომენდაციებსაც გასცემენ.
როგორც „ფორმულას" EMC-ის წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ განუცხადა, მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის რეფორმის ფარგლებში არსებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, მაინც რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები.
„შეფასებულია მიმდინარე პროცესი, მეოთხე ტალღის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ცვლილებები. აქაც, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროცესი გარკვეულ პოზიტიურ ცვლილებებს ითვალისწინებს, რაღაც საკითხები მაინც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. ბუნდოვანია და მკაფიოდ არაა განსაზღვრული მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და ასევე პრობლემურია დისციპლინური კოლეგიის დაკომპლექტებისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების საკითხი", - განაცხადა იმნაძემ.
IDFI -ს წარმომადგენელი ქეთევან კუკავა კი „ფორმულასთან" საუბარში დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის წესის ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის წესი შეიცვალოს, ის არჩეული იქნას 2/3-ით. იმისთვის, რომ არამოსამართლე წევრებსაც შეეძლოთ გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე. ასევე, ჩვენი რეკომენდაცია შეეხება დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნების საჯაროობას, მოსამართლე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაფარვით, იმისთვის, რომ საზოგადოებას შეექმნას წარმოდგენა, რას მოიცავს ინსპექტორის დასკვნები და რამდენადაა დასაბუთებული," - განაცხადა კუკავამ.