logo
ENG



ISFED: წინასაარჩევნოდ Facebook-ზე პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი კამპანია შეინიშნება

13 აგვ 202013:47
3 წუთის საკითხავი
 
bxulwidetrrkxur.jpg

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, Facebook-ზე პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ მასშტაბური კამპანია შეინიშნება. 

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მოცემული ქსელი პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ პოზიტიურ კამპანიასთან ერთად, მიმართულია მკვეთრად ნეგატიური, დისკრედიტაციული აქტივობისკენ როგორც მმართველი პარტიის, ისე, განსაკუთრებით, სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგაც.

"ტელეკომპანია ობიექტივის სოციალური მედიის გვერდის გარდა, ონლაინ გამოცემა tinp.ge და მასთან დაკავშირებული ჯგუფებიც ეწევიან აგიტაციას. პარტიასთან არის დაკავშირებული  10 კოორდინირებული დისკრედიტაციული Facebook-ის გვერდიც, რომელთაც ანტიდასავლური და პრორუსული განწყობებით ცნობილი აქტივისტი, ბაკურ სვანიძე მართავს. აღნიშნული გვერდების პოსტებს კი Facebook ჯგუფებში არანაკლებ 12 რეალური და არაავთენტიკური ანგარიში ერთმანეთის მონაცვლეობით ავრცელებს. ბაკურ სვანიძის მიერ მართული დისკრედიტაციული გვერდების პოსტების ინტერაქცია, შექმნის დღიდან 2020 წლის 10 აგვისტომდე, 600 ათასამდე აღწევს, ხოლო ვიდეოების ნახვების რაოდენობა 11 მილიონს აჭარბებს", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

როგორც სამართლიან არჩევნებში აღნიშნავენ, პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ მოქმედებს ბაკურ სვანიძის მიერ მართული არაერთი გვერდი.

"აღნიშნული გვერდები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების (გარდა პატრიოტთა ალიანსის წევრებისა), ჯორჯ სოროსის, ევროპული საქართველოს, ნაციონალური მოძრაობის, ქართული ოცნების მადისკრედიტირებელი, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი და სხვა სახის შინაარსის გამომხატველი სახელწოდებებით ხასიათდება. მოცემული გვერდების შექმნის პროცესი მიმდინარე წლის 30 იანვარს დაიწყო, ბოლო ახალი გვერდი 13 მარტს შეიქმნა. მოცემულ გვერდებს 5-8 ადმინისტრატორი მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაკურ სვანიძესთან ერთად, აღნიშნული გვერდები ორგანიზებულად იმართება. ადმინისტრატორთა მსგავსი რაოდენობა კი შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ მათ ერთი და იგივე პროფილები მართავენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს საქართველოში Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედების შემდეგ ბაკურ სვანიძის ქსელის მრავალრიცხოვან გვერდებზე დეკლარირებული რეკლამა არ განთავსებულა. თითქმის ყველა რეკლამა, რომელიც მოცემულ გვერდებზე ქვეყნდება,  საარჩევნო კამპანიას ემსახურება. შესაბამისად, ყველა მსგავს პოსტს, Facebook-ის მოთხოვნის შესაბამისად, პოლიტიკური რეკლამის განმათავსებლის შესახებ აუცილებელი შენიშვნა (Disclaimer) უნდა ახლდეს. დასპონსორებისთვის გაწეული ხარჯები კი, ისევე, როგორც სოციალურ მედიაში ბაკურ სვანიძის მიერ მართული გვერდების აქტივობის დიდი ნაწილი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ხარჯად უნდა ჩაითვალოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში.

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ ღიად გამოხატული მხარდამჭერი კამპანია ყველაზე ხშირად წარიმართება გვერდზე "ნამდვილი ოპოზიცია".

"აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოდან მოცემულ გვერდზე, ისევე, როგორც ბაკურ სვანიძის გვერდების ქსელის ზოგიერთ სხვა გვერდზეც, დასპონსორებული კამპანიაც დაიწყო, რაც არჩევნების მოახლოების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება", - აცხადებენ სამართლიან არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს Facebook-მა 790 ყალბი ანგარიში წაშალა, რომლებსაც კოკა ყანდიაშვილი მართავდა. წაშლილია ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც. ყალბი ანგარიშები პროსახელისუფლებო გვერდები და ჯგუფები იყო, რომლებიც ეწეოდნენ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მმართველი პარტიის ოპონენტთა დისკრედიტაციას.


close დახურვა