logo
ENG



ISW: თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება, პრიგოჟინი მარცხს სათავისოდ გამოიყენებს

15 აპრ 202310:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/15/vmdk9xgglgn1h7d.jpg

კერძო სამხედრო დაჯგუფების ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი საინფორმაციო პირობებს ამზადებს, რათა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული კონტრშეტევა წარმატებული იქნება, რუსული არმიის მარცხი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ამის შესახებ წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW).

ISW საუბრობს 14 აპრილს პრიგოჟინის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევა, დიდი ალბათობით, წარუმატებელზე მეტად, წარმატებული იქნება.

პრიგოჟინი ამბობს იმასაც, რომ რუსული ელიტა, რომელიც პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და საკუთარი დღის წესრიგი გააჩნია, რუსული არმიის წარუმატებლობების გამო, ახლა კრიზისშია.

ომის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, პრიგოჟინი მათ ბრალს სდებს ომში რუსეთის წარმატების განზრახ საბოტაჟში, რადგან ისინი თავიანთი პრივილეგირებული ცხოვრების კომფორტულად გაგრძელებას ცდილობენ.

პრიგოჟინის თქმით, ეს "შიდა მტრები" ეცდებიან, კრემლს "სერიოზულ დათმობებზე" წასვლისკენ და "რუსეთის ინტერესების ღალატისკენ" უბიძგონ - კერძოდ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინას დაუბრუნონ.

აპრილის დასაწყისში ომის კვლევის ინსტიტუტი წერდა, რომ სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, პრიგოჟინისთვის გაფრთხილება ყოფილიყო. ISW ამას ბოლო პერიოდში პრიგოჟინის მიერ კრემლის კრიტიკას უკავშირებდა.


close დახურვა