logo
ENG



ISW: ლიმანთან დამარცხება ცხადჰყოფს, რომ პუტინის პრიორიტეტი ხერსონი-ზაპოროჟიეს შენარჩუნებაა

02 ოქტ 202210:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/02/tl3sbwfpf43zyhw.jpeg
Getty Images

ომის კვლევის ინსიტუტი (ISW) აცხადებს, რომ ლიმანის ახლოს რუსეთის დამარცხება იმაზე მიგვითითებს, რომ ვლადიმერ პუტინი ლუჰანსკის რეგიონის დაცვაზე მეტად უკრაინის ახლადოკუპირებული ნაწილების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს შენარჩუნებას ცდილობს.

ინსტიტუტის თქმით, უკრაინული და რუსული წყაროები იმაზე მიგვანიშნებენ, რომ რუსი ჯარისკაცები ამაგრებენ პოზიციებს ხერსონსა და ზაპოროჟიეში, მიუხედავად ხარკივი-იზიუმის ფრონტზე წარუმატებლობების და ლიმანის გარშემო რუსეთის თავდაცვის განადგურებისა.

ომის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, კუპიანსკისა და ლიმანის გარშემო სუსტი ფრონტის ხაზის არ გაძლიერება არა სამხედრო მეთაურების, არამედ პუტინის იდეა იყო, რომელიც, როგორც ცნობილია, რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურებს ხელმძღვანელობს.

„ეს მიგვითითებს, რომ პუტინს მეტად ადარდებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სტრატეგიული ტერიტორიების შენარჩუნება, ვიდრე ლუჰანსკის რეგიონის“ - წერს ინსტიტუტი.

უკრაინამ დონეცკის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ლიმანი 1-ლ ოქტომბერს გაათავისუფლა

ამავე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა ლიმანი დატოვეს.

რუსეთის თქმით, სამხედროების გამოყვანა "ალყის საფრთხის გამო" მოხდა და რუსულმა ძალებმა "უკეთესი პოზიციებისკენ გადაინაცვლეს".

უკრაინამ ქალაქი ლიმანი პუტინის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადების მომდევნო დღეს დაიბრუნა. რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებს შორისაა დონეცკიც, სადაც ლიმანი მდებარეობს.

რუსეთი ლიმანს იყენებდა როგორც ლოჯისტიკურ და სატრასნპორტო ჰაბს დონეცკის ჩრდილოეთ რეგიონში ოპერაციებისთვის. ლიმანის დაკავება უკრაინისთვის უდიდესი საბრძოლო მონაპოვარია ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთში გასულ თვეში კონტრშეტევის შემდეგ.

უკრაინის აღმოსავლეთის ჯგუფის ძალების სპიკერის, სერჰიი ჩერევატის ცნობით, მანამდე უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 1-ლ ოქტომბერს უკრაინელები სტავკიში შევიდნენ, სოფელში, რომელიც ლიმანის მეზობლად მდებარეობს.

უკრაინის ჯარი აცხადებს, რომ ლიმანის დაკავება კიევს მისცემს შესაძლებლობას ლუჰანსკის რეგიონში დაწინაურდეს. ლუჰანსკის სრულად დაკავება კი მოსკოვმა ივლისის დასაწყისში, რამდენიმე წარმატების შემდეგ გამოაცხადა.

„ლიმანი მნიშვნელოვანია, რადგან ეს მომდევნო ნაბიჯია უკრაინის დონბასის გათავისუფლებისკენ. ეს არის შესაძლებლობა, რომ უფრო ღრმად შევიჭრათ კრემინასა და სევეროდონეცკში და ეს ფსიქოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანია“  -განაცხადა ჩერევატმა.

ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ჰაიდაიც ელის, რომ ლუჰანსკის დეოკუპაცია ლიმანის გათავისუფლებით დაიწყება.

"მას შემდეგ, რაც ლიმანს ოკუპანტები დატოვებენ, ლიმანის მერე დაიწყება ლუჰანსკის დეოკუპაცია. ჩვენ ყველა ამას ველოდებით, ჩვენ ვემზადებოდით", - აღნიშნა მან.

აშშ-ის ვეტერანი გენერალი ევროპაში, ბენ ჰოჯესი კი აცხადებს, რომ რუსეთის დამარცხება ლიმანში პუტინის მხრიდან 4 რეგიონის ანექსიის დამტკიცების შემდეგ რუსეთის ლიდერისთვის "მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო სირცხვილი იქნება".

 

close დახურვა