ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) რეგულარულ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციაზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ მობილიზაციამ ნაკლებად სავარაუდოა, "მკვეთრად შეცვალოს ომის დინება".
ISW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი რეზერვისტები ცუდად არიან მომზადებულნი და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას კვირები ან თვეები დასჭირდება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია არ შეუქმნის მნიშვნელოვან მხარდაჭერას რუსეთის არმიას თვეების განმავლობაში.
"რუსეთის სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ ერთი წელია, რაც წვევამდელებს აძლევს მცირე დროს, რომ ისწავლონ, თუ როგორ გახდნენ ჯარისკაცები. ამ პერიოდის შემდეგ, კვალიფიკაციის ამაღლების არარსებობა აჩქარებს ამ ჯარისკაცების უნარების დეგრადაციის პროცესს, დროთა განმავლობაში. შოიგუმ მიუთითა "საბრძოლო გამოცდილების" მქონდე რეზერვისტების გამოძახების განზრახვაზე, თუმცა ძალიან ცოტაა ისეთი რეზერვისტი, რომელსაც აქვს საბრძოლო გამოცდილება და ამჟამად, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ ომში იბრძვის.", - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში რუსეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვებია მოყვანილი, სადაც სერგეი შოიგუ ამბობს, რომ "ნაწილობრივი მობილიზაცია მოხდება ეტაპობრივად, კონკრეტულ ფაზებში". ISW-ში ამბობენ, რომ ამან შესაძლოა თავიდან აიცილოს რუსული ძალების უეცარი შემოდინება, რამაც შესაძლოა მკვეთრად შეცვალოს ომის მიმდინარეობა.
"პუტინის ბრძანება რუსეთის "გაწვრთნილი" რეზერვის ნაწილის მობილიზების შესახებ, ანუ იმ პირების შესახებ, რომლებმაც დაასრულეს სავალდებულო წვევამდელი სამსახური, თვეების განმავლობაში არ ჩამოყალიბდება მნიშვნელოვან, გამოსაყენებელ რუსულ საბრძოლო ძალად. შესაძლოა ეს საკმარისი იყოს რუსეთის სამხედრო ძალის ამჟამინდელი დონის შენარჩუნებისთვის 2023 წლამდე, რუსული მსხვერპლის კომპენსირებით, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ნათელი. ამგვარად, რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინას არ ართმევს შესაძლებლობას გაათავისუფლოს თავისი ოკუპირებული ტერიტორიის მეტი ნაწილი ზამთრისთვის და მთელი ზამთრის განმავლობაში", - აღნიშნულია ანგარიშში.
***
გუშინ, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.
„მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ახალწვეული ჯარისკაცები არ მონაწილეობენ შეტაკებებში და არც მომავალში მიიღებენ მონაწილეობას. და არ იქნება დამატებითი რეზერვისტების გამოძახება“ - განაცხადა პუტინმა.
რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?