დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრზე ბორის ჯონსონზე წნეხი გრძელდება, მას შემდეგ რაც დაუნინგის ქუჩის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ 2020 წლის ივნისში, კორონავირუსის ლოკდაუნისას ჯონსონის დაბადების დღე აღნიშნეს.
ITV News-ის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისის წვეულებას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა. ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ თანამშრომლები 10 წუთზე ნაკლები დროით შეიკრიბნენ, რათა პრემიერმინისტრისთვის დაბადების დღე მიელოცათ.
ITV News-ის ინფორმაციით დაბადების დღის წვეულება შუადღის 2 საათიდან დაიწყო და ჯონსონის საცოლემ ქერი საიმონდმა დააორგანიზა, ჰერტფორდშირიდან პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ.
გარემოს დაცვის მინისტრმა ჯორჯ იუსტისმა კი უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ჯონსონის დაბადების დღეზე 10-მდე ადამიანი იყო და ეს არ ყოფილა წვეულება, უბრალოდ სამუშაო დღის ბოლოს პრემიერს ტორტი მიუტანეს.
ბრიტანეთის პარლამენტის არაერთმა წევრმა უკვე გააკრიტიკა ჯონსონი ამ ამბის გამო.
BBC-ის ინფორმაციით კი სიუ გრეიმ, ვინც კოვიდ რეგულაციებისას ხელისუფლების წარმომადგენლების შეკრებების შესახებ ანგარიშს ამზადებს, უკვე იცოდა 19 ივნისის წვეულებაზე. გრეის მიერ შეგროვებული მასალა ამ კვირის ბოლოს გასაჯაროვდება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. 2-ზე მეტ ადამიანს არ შეეძლო დახურულ სივრცეში შეკრება, ღია სივრცეში სოციალიზაცია კი მაქსიმუმ 6 ადამიანისთვის იყო დასაშვები.
BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ დაუნინგის 10 ნომერში გამართული წვეულებების გარშემო გამოძიება დაიწყო.
კომისარის თქმით, 2020 წლიდან ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების პოტენციური დარღვევის ფაქტებს იკვლევენ.
***
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რამდენიმე წევრმა პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს წერილობით უნდობლობა უკვე გამოუცხადა. მისი პრემიერმინისტრობის გარშემო კითხვები დაუნინგის ქუჩაზე ლოკდაუნისას გამართული წვეულებების რიცხვთან ერთად მატულობს.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონმა 12 იანვარს ბოდიში მოიხადა 2020 წლის მაისში დაუნინგის ქუჩაზე, პრემიერმინისტრის სახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე დასწრებისთვის მაშინ, როცა ბრიტანელებს კორონავირუსის შეზღუდვების გამო შეკრება ეკრძალებოდათ.
ჯონსონმა ამ თემაზე კომენტარი რამდენიმე დღიანი კრიტიკის შემდეგ გააკეთა. ორშაბათს ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონსონის პირადმა მდივანმა, მარტინ რეინოლდსმა დაუნინგის ქუჩის 10 ნომერში სოციალური დისტანციის დაცვით 20 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე პერსონალის 100 წევრს მოწვევა გაუგზავნა.
ჯონსონმა თქვა, რომ ვიდრე პრემიერ მინისტრისთვის განკუთვნილ სახლში შევიდოდა, გარეთ არსებულ შეკრებას 25 წუთით დაესწრო. მან განაცხადა, რომ ეგონა ეს სამსახურთან დაკავშირებული შემთხვევა იყო, თუმცა აღიარებს, რომ წინდაუხედავად მოიქცა.
14 იანვარს კი გამოცემა ტელეგრაფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის წევრებმა პრინცი ფილიპის დაკრძალვის წინა ღამით, 2021 წლის 16 აპრილს, როცა კორონავირუსის შეზღუდვების გამო შენობაში და გარეთ შეკრება იკრძალებოდა, 2 წვეულება გამართეს.
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დაარღვევს მინისტრთა კოდექსს, მოსალოდნელია, რომ ის გადაგდება პოსტიდან. აღსანიშნავია, რომ ჯონსონის კონსერვატიული პარტიის არაერთმა წევრმა უკვე დააფიქსირა აზრი, რომ ჯონსონი პრემიერმინისტრობიდან უნდა გადადგეს თუ დადასტურდება, რომ ის ამ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო.