კომპანია Maxar Technologies-მა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა.
კომპანიამ ნგრევის მასშტაბის შესადარებლად, ორი ფოტო გამოაქვეყნა, პირველი 2022 წლის 1-ელ აგვისტოსაა გადაღებული, მეორე კი - 2023 წლის 10 იანვარს, სადაც ჩანს, რომ საცხოვრებელი სახლები განადგურებულია.
Before (Aug 1, 2022) & after (Jan 10, 2023) #satellite imagery showing the magnitude of the ongoing fighting between Russian & Ukrainian forces. Shown here is the town of #Soledar, #Ukraine (lat: 48.6796, long:8.0947) & the apartment buildings that have been completely destroyed. pic.twitter.com/X6rUbDoFXg
9 იანვარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსებმა სოლედარზე ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს. ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, ვაგნერის ჯგუფმა კონცენტრირება სოლედარზე მოახდინა, სადაც მათი თქმით, ყველაზე დიდი საბრძოლო მზადყოფნაა.
გუშინ 11 იანვარს, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, განაცხადა მისმა ძალებმა დაასრულეს უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის მიმართულების სარდლობის პრესატაშემ, სერხი ჩერევატიმ კი რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ქალაქ სოლედარს ოკუპანტები არ აკონტროლებენ.
11 იანვარს საღამოს CNN-მა უკრაინაში, სოლედარის სიახლოვეს მყოფ გადამღებ ჯგუფზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში იბრძვიან და მათი უკან დახევის ნიშნები არ არის.
გამოცემის ცნობით, ფრონტიდან რამდენიმე კილომეტრში მყოფი უკრაინელი სამხედროები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ასრულებენ ტექნიკურ და ლოგისტიკურ სამუშაოებს. მათი თქმით, ადგილზე უკრაინელების უკან დახევის ან ჯარების გაყვანის ნიშნები არ არის.
CNN-ის ჟურნალისტის თქმით, ისინი კონტაქტზე არიან უკრაინელ სამხედროსთან, რომელიც ახლა სოლედარში იბრძვის. ეს სამხედროც უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ რუსეთი ქალაქს სრულად აკონტროლებს.