შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) აცხადებს, რომ ყველა დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარდა და იმ აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება, ვინც ისტორიის გამოცდას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ დაესწრო, შეუძლებელია.
ცენტრმა დამატებითი სესიების დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გამოაქვეყნა. მათი თქმით, სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება დაევალათ, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრეს.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება.
გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას." - წერია ცენტრის განცხადებაში.
დღეს ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) განაცხადა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარს ამბობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა. მას ჰქონდა კბილის მწვავე ტკივილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულებაგამო.
ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე. PHR-ში აცხადებენ, რომ 28 ივლისს ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით მიმართეს. თუმცა 2 აგვისტოს ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.
დღეს იმ აბიტურიენტის მშობელმა, რომლის შვილსაც NAEC-მა გამოცდის დანიშვნაზე უარი უთხრა, შიმშილობა დაიწყო.