logo
ENG



NGO-ები: საგანგებოს დროს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნა დაუშვებელია

03 აპრ 202011:15
3 წუთის საკითხავი
 
8b4lu0chj5o15or.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს განცხადებით მიმართავენ და პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან.

​როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა დაინიშნა, რომელზეც, გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნის საკითხი განიხილება. მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ ვითარებაში მოსამართლის დანიშვნა, უარყოფითად იმოქმედებს სასამართლოს რეპუტაციაზე. 

"საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება პროცესზე საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ კონტროლის განხორციელება, დაუშვებლად მიგვაჩნია. მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ კიდევ ინარჩუნებს საზოგადოების მხრიდან ნდობასა და ავტორიტეტს,  მოსამართლის არსებულ გარემოებებში და დახურულ კარს მიღმა დანიშვნა, უარყოფითად იმოქმედებს როგორც თავად დანიშნული მოსამართლის, ისე მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციაზე",-ნათქვამია განცხადებაში. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ  საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. სწორედ უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2019 წლის 5 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ კანონის მოთხოვნისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში  საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე არ დანიშნა.

"ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში პლენუმის სხდომის აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად დანიშვნა, შესაძლოა მოტივირებული იყოს არა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, არამედ პროცესზე საზოგადოებრივი მეთვალყურეობის თავიდან ასაცილებლად. ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, არ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანამ, სანამ ქვეყანაში არ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა",-ნათქვამია განცხადებაში. 

დოკუმენტს ხელს არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ. მათ შორის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და ა.შ. 

 


close დახურვა