19 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებისა და სახალხო დამცველის დასკვნის გათვალისწინებით მიიღოს. განცხადებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ჰოსპიტალიზაციის საკითხი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით უნდა გადაწყვიტოს.
განცხადებაში წერია, რომ ხანგრძლივი შიმშილობის გამო სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი და მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის საკითხი დგება. ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის რეკომენდაციით ჰოსპიტალიზაცია შესაბამისი პერსონალითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებულ საავადმყოფოში უნდა მოხდეს. სახალხო დამცველის დასკვნით კი N18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული საავადმყოფო ამ სტანდარტებს სრულფასოვნად არ შეესაბამება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში მოთავსება მისი უსაფრთხოების რისკებს შეიცავს.
"ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე მსჯელობისას სრულყოფილად გაითვალისწინოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა და რეკომენდაციები და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ მის მიმართ, სრულად გამოირიცხოს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების ყველა რისკი" - წერია GDI-ის განცხადებაში.
განცხადებას ხელს 19 ორგანიზაცია აწერს:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
- ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
- საზოგადოება და ბანკები
- საფარი
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ცენტრი „ემპათია“
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
სააკაშვილი 26-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.
მიხეილ სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმაც გასცა. კონსილიუმში ამბობენ, შიმშილობა განსაკუთრებული მდგომარეობაა და თავის დაზღვევა საჭიროა.
ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. გარდა ამისა, ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება არც რეკომენდაციებს და არის უსაფრთხოების რისკებიც.
ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.