logo
ENG



NGO-ები: სასურველია, ნეიტრალურმა ​მედიატორებმა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ

25 მარ 202123:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/25/yiwhbi4xhfozlx3.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობას მიესალმებიან.

მათი თქმით, ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის როლი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის მედიაციის პროცესის წარმართვაში.

"დასაფასებელია, რომ საქართველოში პირველი ვიზიტის დაწყებისთანავე, ბატონი დანიელსონი  შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მოისმინა მათი ხედვა, თუ როგორ უნდა განიმუხტოს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ასევე, სპეციალური წარმომადგენლის დახმარებითა და ძალისხმევით, პოლიტიკური ძალები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების პროცესს და გამართეს შეხვედრების სერია.

სამწუხაროდ, ბატონი დანიელსონის აქტიური ჩართულობის მიუხედავად, მხარეთა შორის კონსესუსის მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხელმომწერი ორგანიზაციები, სინანულს გამოვთქვამთ, რომ მედიაციის პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის ნაკლებად გამჭვირვალეა. აღნიშნული კი, საშუალებას აძლევს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, შეთანხმების მიუღწევლობა ერთმანეთს გადააბრალონ", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები გამოხატავენ სურვილს, ნეიტრალურ მედიატორთა მხრიდან, საზოგადოებას მედიაციის პროცესის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეწოდოს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი აგრძელებს მხარეებს შორის მედიაციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოვთქვამთ სურვილს, მიუკერძოებელ და ნეიტრალურ მედიატორთა მხრიდან, საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია უშუალოდ მედიაციის პროცესის, ამ პროცესში პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობისა და შედეგების შესახებ.

მიგვაჩნია რომ, მედიაციის ამგვარად წარმართვა, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და თავიდან აგვაცილებს დამატებით სპეკულაციებს, დეზინფორმაციისა და ანტიევროპული ნარატივების გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – მის საზღვრებს გარეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); კავშირი საფარი (HRHT); ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); უფლებები საქართველოდემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI).

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება. როგორც თავად შარლ მიშელი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას გააგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი, ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. მას საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვა, თუმცა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა. როგორც მაშინ დანიელსონი ამბობდა, ეს განპირობებული იყო იმით, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მომხდარიყო. 

ბოლო შეხვედრა მხარეემს შორის დანიელსონის მედიაციით, 19 მარტს შედგა, თუმცა 9-საათი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.


close დახურვა