სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია მიიჩნევენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ძირითადი უფლებების - სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის პრინციპებთან.
ორგანიზაციების განცხადებით, სააკაშვილის გლდანის N18 დაწესებულებაში გადაყვანის ეს ფორმა არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ვითარების ესკალაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დამატებით საფრთხეებს აჩენს, რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის მშვიდობასა და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ 6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებული ვიდეო მასალის გავრცელება მიზნად ისახავდა შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს ექსპრეზიდენტი რეალურად არ შიმშილობს. ორგანიზაციების ცნობით, მსჯავრდებულის შიმშილობის თაობაზე ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება, ცალსახად ეწინააღმდეგება შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო პრინციპსა თუ რეკომენდაციას და ასევე არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვისა და ხელშეუხებლობის პრინციპს.
ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 40 დღეა შიმშილობს. მან ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ საკვები დანამატების მიღება შეწყვიტა. მესამე დღეს, 8 ნოემბერს კი მედია საშუალებების ცნობით, მესამე პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გაიყვანეს.
„70 წუთის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებები ოჯახის წარმომადგენლებს, ადვოკატებს, სახალხო დამცველს არ აწვდიდნენ მსჯავრდებულის ადგილმდებარეობისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ კანონმდებლობასთანაც”, - წერია განცხადებაში.
მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო კონსილიუმმა სააკაშვილის მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. სახალხო დამცველის აპარატმა კი N18 სამკურნალო დაწესებულება 2-ჯერ შეამოწმა და განაცხადა, რომ ის არ შეესაბამებოდა კონსილიუმის რეკომენდაციით გათვალისწინებულ პირობებს.
ომბუდსმენის დღევანდელ განცხადებაში კვლავ არის საუბარი იმაზე, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება მრავალპროფილური კლინიკისთვის წაყენებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის რეკომენდაციების შესაბამის დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანისა და ექსპრეზიდენტის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების სრულყოფილი დაცვისკენ მოუწოდებენ.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის და დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ოპოზიციასთან” - წერია განცხადებაში.
საია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ოპოზიციურ ძალებს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში დარჩენისა და ვითარების ესკალაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ.