არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სუს-ის საქმიანობის შესახებ, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლის და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე.
NGO-ები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სუს-ის კონტროლისგან ქვეყანაში არც ერთი პირთა წრე, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები დაცული არ არიან.
ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები გავრცელებულ ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული ყველა პოტენციური დამნაშავის გამოსავლენად.
"ფრაგმენტული რეფორმების, ფიქტიური სასამართლო და სუსტი საპარლამენტო ანგარიშვალდებულების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი ჭარბი უფლებამოსილებით და მძლავრი ბერკეტებით, მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა ქვეყანაში. შემაშფოთებელია ისიც, რომ პარლამენტი განაგრძობს სუს-ის ოპერატიულ ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და ამაზე მიუთითებს ინფორმაციული უსაფრთხოების კანონში განხორციელებული ცვლილებები.
არაერთი მცდელობის, ფართომასშტაბიანი კამპანიების მიუხედავად, სახელმწიფომ, დღემდე ვერ აიღო პასუხისმგებლობა სამსახურის და მის ფარგლებში არსებული კონტროლის ინსტრუმენტების ფუნდამენტურ რეფორმაზე, მოსმენა-მეთვალყურეობის მექანიზმების გადახედვაზე, ამ პროცესის დემოკრატიულ რეჟიმში მოქცევაზე. ამ რეფორმის ჩაგდებით, სახელმწიფომ ლეგიტიმაცია მისცა უწყების ფარგლებში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის ხარჯზე, მასობრივი მოსმენების და კონტროლის ფუნქციას.
ოკუპაციის, შიდა და საგარეო საფრთხეების სიჭარბის მიუხედავად, ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსი სახელმწიფოსათვის პოლიტიკურად საინტერესო კონკრეტული ჯგუფების კონტროლზე იხარჯება და არ ხდება სამსახურის რესურსების მობილიზება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების იდენტიფიცირების, მათზე რეაგირების მიზნით. მყიფე დემოკრატიის, მძიმე პოლიტიკური კრიზისების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყანაში მკაცრად პოლიტიზირებულ, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ინტერესების სადარაჯოზე მყოფ უწყებად, რომელიც კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, თვალთვალით, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტით ცდილობს.
ქვეყანაში სუსტია სამსახურის უკანონო საქმიანობაზე რეაგირების მექანიზმები. მოქალაქეების შესაძლო უკანონო კონტროლის და მეთვალყურეობის საქმეების გამოუძიებლობასთან ერთად, ქვეყანაში არ არსებობს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობის ინსტრუმენტები. ფიქციურია სასამართლო კონტროლის მექანიზმები, ხოლო საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტები იშვიათ შემთხვევაში იწვევს პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობებს. რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს უწყებას, დაუსჯელად, ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე აკონტროლოს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ნებისმიერი სფერო", - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას:
დაუყოვნებლივ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები გავრცელებულ ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული ყველა პოტენციური დამნაშავის გამოსავლენად;
საქართველოს პარლამენტს:
აიღოს პასუხისმგებლობა უწყების კონტროლზე და დაიწყოს უსაფრთხოების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმაზე მსჯელობა;
ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, როცა მოცემულ ვითარებაში და არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში, საზოგადოებას არ აქვს ნდობა, რომ სახელმწიფო სათანადოდ და ობიექტურად გამოიძიებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ყველა შესაძლო ფაქტს;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს:
დროულად განიხილოს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ 2015 წელს წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი მოსამართლის ნებართვის გარეშე ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისა და ფარული ფოტო/ვიდეო/აუდო გადაღების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ასევე, 2017 წელს, 326 მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ითხოვს ფარული მიყურადების არსებული ინფრასტრუქტურისა და სისტემის კონსტიტუციურ ფარგლებში მოქცევას.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- უფლებები საქართველო
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ღია საზოგადოების ფონდი
ნიკა გვარამიამ გუშინ, 1 აგვისტოს ეთერში წაიკითხა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია - მასში მოთხობილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ.
ის კონკრეტულ ადამიანებზე გაკეთებული ჩანაწერების შინაარს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა და ზოგიერთ პირს, იდენტიფიცირების თავიდან ასარიდებლად, ინიციალებით მოიხსენიებდა.
მისი თქმით, ამ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.
ერთ-ერთი საუბარი დაადასტურა GDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ. გვარამიას თქმით, დოკუმენტში წერია, რომ 2020 წლის 15 ივნისს საუბარი შედგა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანსა და EMC-ის წარმომადგენელ გურო იმნაძეს შორის, საუბარი შეეხო EMC-ის დირექტორის თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას, ამის შემდეგ ონიანი GDI-ის მაშინდელ დირექტორ გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.
ერთ-ერთი ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო გელაშვილიც და ამბობს, რომ მასაც უსმენდნენ.
ჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა სუს-მაც და უარყოფო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საჯარო პირების პირადი ცხოვრების ანგარიშებს ამზადებდა.