logo
ENG



NGO-ები დოსიეს მასალებზე: არჩევნებამდე დაიწყოს გამოძიება ფაქტების ავთენტიკურობის დასადგენად

02 ოქტ 202013:47
3 წუთის საკითხავი
 
kako2xalhnr0rq1.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს, ასევე აუდიტის სამსახურს პატრიოტთა ალიანსის შესახებ დოსიეს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ​.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დოსიეს გამოქვეყნებული ანგარიშების გამოძიების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა და მისი მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჭრილში განხილვა არ არის საკმარისი, რადგან კვლევაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის მხრიდან შესაძლოა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ნიშნები იკვეთებოდეს.  

"დოსიეს ანგარიშებში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი. დოსიეს მტკიცებით, ანგარიშები, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის, ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან მოპოვებულ დოკუმენტებს ეფუძნება და მათში კრემლთან დაახლოებული ის ქსელია გამოაშკარავებული, რომელიც პატრიოტთა ალიანსთან ურთიერთობებს კურირებს.  

საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს გამოქვეყნებულ მასალებზე ამ დრომდე, არათუ საგამოძიებო მოქმედებები არ დაუწყიათ, არამედ ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ. ერთადერთი რეაგირება ამ საკითხზე, ევროპული საქართველოს დეპუტატის, ელენე ხოშტარიას წერილზე, რომელშიც ის პატრიოტთა ალიანსის რუსეთიდან შესაძლო დაფინანსების გამოძიებას ითხოვდა, პროკურატურის ფორმალური პასუხი გახლდათ. პასუხის თანახმად, პროკურატურამ აღნიშნული მოთხოვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსურ-სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელ ორგანოსთან, გადაამისამართა", - წერია  განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ყველა პასუხისმგებელ ინსტიტუტსა და უწყებას, რომ დოსიეს გამოქვეყნებულ ანგარიშებს მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ. 

"მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს: საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაცია და გამოქვეყნებული მასალები, სამართალდამცავ უწყებებს აძლევს საფუძველს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, „გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში“), ჩაატარონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ვინაიდან დოსიეს გამოქვეყნებული ანგარიშები შეიცავს შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მოვუწოდებთ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ფუნქცია, დაიწყონ გამოძიება გამოქვეყნებული ფაქტების ავთენტურობის დასადგენად და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო დანაშაულის გამოსავლენად.

საქართველოს პარლამენტს: პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, გააჩნია ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქცია და ინსტრუმენტები. სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ და ჰიბრიდულ საკითხებზე პარლამენტი უნდა იყოს  ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სხვა უწყებების საქმიანობასაც.  პარლამენტის დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული ანგარიშის მიხედვით, პარლამენტმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებულ თემატურ საკითხებზე, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობით, განხილვები უნდა გამართოს. საკითხის მასშტაბისა და რელევანტურობის გათვალისწინებით, განხილვებმა, შესაძლოა, მიიღოს უფრო სიღრმისეული სახე და გადაკეთდეს საგამოძიებო კომისიად. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების და საგამოძიებო სამსახურების მხრიდან დოსიეს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებზე რეაგირების არქონის პირობებში, მოვუწოდებთ პარლამენტს, შეასრულოს მისი საზედამხედველო ფუნქცია  და საკითხის შესასწავლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული საპარლამენტო მექანიზმები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს: მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურმა პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხის მოკვლევას პრიორიტეტი მიანიჭოს და შედეგები არჩევნებამდე გაასაჯაროვოს, რათა ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი მხრივ, დროულად მოხდეს შესაბამისი სანქციების დაკისრება და, მეორე მხრივ, ამომრჩეველს მიეცეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება", - აცხადებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია დოსიემ გამოძიების 2 ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებას და რუსულ კავშირებს ეხება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ პრურუსულ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაახლოებული პირები ეხმარებიან, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

გამოძიების მეორე ნაწილში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ლაპარაკია პარტიის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტზე, საარჩევნო კლიპებსა და არჩევნებამდე დაგეგმილ აქტივობებზე.

დოსიეს გამოძიების პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ

მეორე ნაწილი წაიკითხეთ აქ.

 


close დახურვა