თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა, რასაც ყურადღება The New York Times-მაც მიაქცია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მგზავრებს პროტესტითა და შეძახილებით შეხვდნენ. ავტორი წერს, რომ წარწერები "რუსებო წადით სახლში" თბილისში ჩვეულებრივი მოვლენაა და NATO-ში გაწევრიანებაც ქვეყნის კონსტიტუციით არის განმტკიცებული.
"მაგრამ პარასკევს მოსკოვიდან Azimuth Airlines-ის რეისის A4851 ჩასვლის შემდეგ კავკასიის მთებში მდებარე პატარა საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მოსკოვთან მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ. ეს მოყვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 10 მაისის განკარგულებას რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
ფრენების განახლება და პარასკევის აქციები ხაზს უსვამს საქართველოს შიგნით არსებულ დაძაბულობას რუსეთთან ურთიერთობის გამო და სიფრთხილეს, რომელსაც ბევრი ქართველი გრძნობს იმ ქვეყანასთან დაახლოების გამო, რომელთანაც 15 წლის წინ ომი ჰქონდა, გასულ წელს კი უკრაინაში შეიჭრა, კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში.
ურთიერთობების დათბობა ასევე ასახავს მოსკოვის სურვილს დაამყაროს კონტაქტი სხვა მთავრობებთან, იქნება ეს მეგობრული ურთიერთობის თუ მძიმე დიპლომატიის მეშვეობით, რათა იპოვოს რაც შეიძლება მეტი პარტნიორი, რადგანაც დასავლური სამყაროს დიდი ნაწილი მას წინ აღუდგა", - ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ წარსულში საქართველომ აჩვენა თავისი დაპირისპირება მოსკოვთან, თუმცა ახლა იქცა ერთ-ერთად იმ რამდენიმე საბჭოთა რესპუბლიკიდან, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგაც კი დაუახლოვდა.