logo
ENG



PEN America: შეშფოთებულები ვართ აგენტებზე კანონის გამო, წარმდგენებს გაუქმებისკენ მოვუწოდებთ

01 მარ 202313:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/01/qciku1uh34qxkti.jpg

გავლენიანი ამერიკული გამოცემა PEN America  საქართველოში წარდგენილი "უცხოელი აგენტების" რუსული კანონპროექტის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს და მის წარმდგენებს კანონპროექტის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

PEN America-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და მისი მთავარი სამიზნე ის ადამიანები არიან, ვინც მმართველი პარტიისადმი კრიტიკულ აზრს გამოთქვამენ.

სტატია სათაურით "საფრთხე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციებისთვის საქართველოში შეთავაზებული კანონპროექტის გამო, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას შეუზღუდავი მონიტორინგისა და გამოძიების ძალაუფლებას მისცემს" 28 თებერვალს გამოქვეყნდა

სტატია სრულად:

"PEN America-მ დღეს შეშფოთება გამოთქვა საქართველოში შეთავაზებულ ახალ კანონპროექტზე, რომელიც ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებისა და  საინფორმაციო ორგანიზაციების გამოძიებისა და მონიტორინგის შეუზღუდავ ძალაუფლებას მისცემს. PEN America-მ განაცხადა, რომ შეთავაზებული კანონი ადამიანის უფლებათა ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება და მოუწოდა პარლამენტის წევრებს, ვინც წარადგინეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი, რომ გააუქმონ ის.

„კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ არის საფრთხე ნებისმიერი სამოქალაქო ორგანიზაციისთვის ან მედიასაშუალებისთვის, რომელიც საქართველოში მუშაობს“ - განაცხადა ლიზლ გერნტჰოლცმა, PEN/Barbey-ის წერის თავისუფლების ცენტრის დირექტორმა. „გამჭვირვალობის სახელით“ იუსტიციის სამინისტროს მიენიჭება, ერთი შეხედვით შეუზღუდავი ძალაუფლება, რომ გამოიძიონ და დააკვირდნენ ორგანიზაციებს, სისტემურად აქციონ სახელისუფლებო დაშინება მწერლების, აქტივისტების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრების მიმართ - ეს განსაკუთრებით საშიში პერსპექტივაა მათთვის, ვინც მმართველი პარტიისადმი კრიტიკულ აზრს და პოლიტიკურ პოზიციებს გამოთქვამს“.

კანონპროექტი წარადგენს ახალ განმარტებებს ტერმინების „უცხოური ძალაუფლების“ და „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. სხვა დებულებებს შორის, კანონპროექტი არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც შემოსავლების 20%-ზე მეტს უცხოური ძალებისგან იღებენ, ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში“ და წარადგინონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციები. კანონპროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აძლევს უფლებას, გამოიძიოს და შეაგროვოს დოკუმენტები იმ ორგანიზაციებისგან, ვინც, მისი აზრით, უნდა იყვნენ რეესტრში, შეაგროვოს განუსაზღვრელი მოცულობის პირადი ინფორმაცია. თუ ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება, ის შეიძლება 25 000 ლარამდე ჯარიმის წინაშე აღმოჩნდეს ($9,400 დოლარი). იუსტიციის სამინისტროს ასევე ექნება უფლება ამონიტორინგოს ეს ორგანიზაციები, საკუთარი დისკრეციის საფუძველზე ან ნებისმიერი ინდივიდისგან, მათ შორის ანონიმური წყაროებიდან შეტყობინების მიღების შემდეგ.

საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს კანონპროექტისადმი წინააღმდეგობა, [მიზეზად] ასახელებენ ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და მის მსგავსებას რუსულ „უცხოური აგენტების“ კანონთან. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტს საქართველო „ რუსეთის მანკიერ მოდელთან უფრო ახლოს მიჰყავს“ და რომ მისი ოფისი „ამგვარ კანონმდებლობას მხარს ვერ დაუჭერს“. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა ასევე დააფიქსირა კანონპროექტისადმი წინააღმდეგობა გამოხატვის, თანამშრომლობის და პირადი ცხოვრების უფლებების დარღვევის საფუძველზე, ასევე რუსულ და უნგრულ კანონებთან მისი შემაშფოთებელი მსგავსებების გამო. ქართული მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დიდმა კოალიციამ ღია წერილით გამოაცხადა კანონპროექტისადმი დაპირისპირება და მიანიშნა შეშფოთებაზე კანონპროექტისადმი, გამოთქვეს შეშფოთებები იმაზე, რომ ეს მოასწავებს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას, როგორც ამას რუსული კანონმდებლობა უწყობს ხელს.

პარლამენტის წევრები, ვინც წარადგინეს კანონმდებლობა მიეკუთვნება მმართველი ქართული ოცნების პარტიის ფრაქციას, თუმცა იმავდროულად თავს "ხალხის ძალის" მოძრაობის წარმომადგენლებად აცხადებენ. ორ პარტიაზე საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, „მნიშვნელოვანი განსხვავება არაა ჩვენს შორის“. 2022 წლის დეკემბერში პრეს განცხადებაში, კანონპროექტის ინიციატორებმა თქვეს, რომ მათი მიზანი ყველა იმ რელევანტური არასამთავრობო ორგანიზაციის რეგულირებაა, ვინც უცხოურ დაფინანსებას იღებს.

თუმცა, მმართველი პარტიის ქართული ოცნების წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, განაცხადეს, რომ ის აშშ-ის კანონმდებლობის მსგავსია - ეს ხედვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა უარყო სიტყვებით "აშკარად ყალბი".  არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრმა (INCL) და არაკომერციული სამართლის ევროპულმა ცენტრმა (ECNL) ასევე უარყვეს ეს განცხადებები კანონპროექტის შესახებ მათ ანალიზში.

გერნტჰოლცმა განაცხადა: "ეს კანონპროექტი არის პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სცენარიდან და არღვევს ადამიანის უფლებათა როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო პრინციპებს. ჩვენ მოვუწოდებთ კანონპროექტის წარმდგენებს, რომ პატივი სცენ ქართველი ხალხის თავისუფლად გამოხატვის უფლებას და მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გააუქმონ მათი წინადადება". - წერია სტატიაში. 

PEN America გავლენიანი არაკომერციული ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც, "ადამიანის უფლებებისა და ლიტერატურის გადაკვეთის წერტილში დგას", რათა დაიცვას  აშშ-სა და მსოფლიოში თავისუფლად გამოხატვის უფლება. "ჩვენ ვიცავთ წერის თავისუფლებას, ვაღიარებთ სიტყვის ძალას მსოფლიოს ტრანსფორმაციაში. ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ მწერლები და მათი მოკავშირეები, რათა აღვნიშნოთ კრეატიული გამოხატვა და დავიცვათ ის თავისუფლებები, რაც მას შესაძლებელს ხდის" - აცხადებს გამოცემა.

 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.

 

close დახურვა