არასამთავრობო ორგანიზაცია, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ბასილაშვილის მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
PHR-ის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მისმა ოჯახმა სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებული შემაკავებელი ორდერი ხელახლა აღარ გაასაჩივრა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი ოჯახის გადაწყვეტილება სავარაუდოდ გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოწერილ ორდერს თავად მხარეებიც ეთანხმებიან.
„საგულისხმოა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოჯახში ძალადობის დადასტურების შესახებ, ნიკოლოზ ბასილაშვილს და მის ოჯახის წევრებს არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ეს სავარაუდოდ გულისხმობს იმას, რომ თავად მხარეებიც დაეთანხმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მათი ქმედება შეფასებულია ძალადობად.
"PHR-ი აგრძელებს ნელი დოროყაშვილისა და მათი მცირეწლოვანი შვილის ინტერესების დაცვას.“,-ნათქვამია განცხადებაში.
2020 წლის 8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე გამოწერილი შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა. PHR-ის ინფორმაციით, სასამართლო დარწმუნდა, რომ ოჯახში ძალადობა ჩადენილია და ორდერები გამოწერილია შესაბამისი სამართლებრივი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.