logo
ENG



POLITICO: საფრანგეთმა დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა

28 აგვ 202418:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/28/ww1izksmkd753rx.jpeg

გამოცემა POLITICO შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთმა Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმის, ნიკოლაი დუროვის დაკავების ორდერი გასცა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ჯერ კიდევ 25 მარტს მოხდა.

ნიკოლაი დუროვის დაკავების ორდერი გაცემულია იმავე საქმეზე, რა საქმეზეც მისი ძმაა დაკავებული. ნიკოლაი დუროვი Telegram-ის თანადამფუძნებელია.

ორდერი გაცემულ იქნა "არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შენახვის, გავრცელების ან წვდომის შეთავაზების თანამონაწილეობის" საქმეზე. POLITICO აღნიშნავს, რომ ორდერი გასცეს მას შემდეგ, რაც მესენჯერმა "არ უპასუხა" სასამართლო მოთხოვნას, Telegram-ს დაედგინა მომხმარებელი, რომელიც ეჭვმიტანილია იმაში, რომ არასრულწლოვან გოგოებს "თვითწარმოებული პორნოგრაფიის" გაგზავნას აიძულებდა. გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილი ასევე ამტკიცებდა, რომ ბავშვი გააუპატიურა.

POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, Telegram "ფაქტობრივად არ თანამშრომლობს" როგორც ფრანგულ, ისე ევროპულ ხელისუფლებებთან.

"არ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე ძმა დუროვი უშუალოდ მონაწილეობდა გამოძიების მიერ გამოვლენილ უკანონო ქმედებებში", - აღნიშნა Politico-მ.

პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. პარიზის პროკურატურამ ორ დღეში პრესრელიზი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დუროვი გაურკვეველი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. დუროვის სტატუსი აღნიშნულ საქმეში უცნობია.


close დახურვა